ანრი ოხანაშვილი

ოხანაშვილი: რობაქიძე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდა ჩემთან მიმართებაში

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის, ამბობს, რომ ვახტანგ რობაქიძეს, რომელმაც მას გუშინ ბაკურიანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, არ იცნობს და მანამდე არასდროს შეხვედრია. ოხანაშვილის თქმით, დაპირისპირებისას "რობაქიძეს ხელში გარკვეული საგნები ეჭირა და იყო იმის რისკი, რომ ესროლა."

"მე ამ საკითხს ვუყურებ სამართლებრივად, ჩემი თმენის ვალდებულება მეტის უფლებას არ მაძლევს, რომ მე აქ პოლიტიკურ შეფასებაში შევიდე... ფაქტია, რომ ეს ადამიანი პოლიტიკურად ანგარიშსწორებას ცდილობდა ჩემთან მიმართებაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის დრო არც ძალადობის არც მუქარის, არც იძულების. ეს ადამიანი იყო მხოლოდ, ასეთი აგრესიული და ამწვავებდა ყველანაირად სიტუაციას, რა დროსაც ჩემი მთავარი ამოცანა იყო და ვფიქრობდი ოჯახის უსაფრთხოებაზე,"- ამბობს ოხანაშვილი. 

ვახტანგ რობაქიძემ, რომელიც "ლელოს" წევრია გუშინ, 14 იანვარს ბაკურიანის ერთერთ კაფეში ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა და დღეს სამ დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ რობაქიძე "ლელოში" არის გაწევრიანებული, თუმცა აღნიშნავს, რომ მანამდე 2012-17 წლებში ის ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ლიდერი იყო.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები