გიგა ბოკერია

ბოკერია: გაგრძელდება პროტესტი და საერთაშორისო ზეწოლა, ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია NDI-ს ახალი კვლევის შეფასებისას ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მომდევნო არჩევნებში ნებისმიერ შემთხვევაში მარცხისთვის იქნება განწირული.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის. უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის, მათ შორის, პირველ რიგში და მთელი ოპოზიციის, საზოგადოების, რომ ეს განხორციელდეს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე." - აცხადებს ბოკერია.

მისი თქმით, ქართული ოცნების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა და საერთაშორისო ზეწოლა კვლავ გაგრძელდება. თუ მმართველი ძალა უარს იტყვის დანაპირების შესრულებაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ბოკერია საუბრობს ოპოზიციური ოპოზიციურ პარტიებს შორის შესაძლო შეთანხმებაზე მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე:

"საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება და საერთაშორისო ზეწოლაც გაგრძელდება. ივანიშვილისთვის პერსონალურად და მთელი მისი კლოუნების არმიისთვის ჯობია, რომ დროზე მოეგონ გონს და ის შეურაცხყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენეს, უკან წაიღონ, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით.

თუ ასე არ მოხდება, მაინც განწირულია, ნებისმიერი სისტემის პირობებში. ამას დასჭირდება კოორდინაცია მაჟორიტარულ ოლქებში. მაჟორიტარულ ოლქებში, უმრავლეს შემთხვევაში, ერთი კანდიდატის წარდგენა, არანაირი მეორე ტურები ბევრი არ იქნება, იქნება ის, რაც პირველ ტურში მოხდა ზურაბიშვილის [2018 წლის საპრეზიდენტო] არჩევნებში." - ამბობს ბოკერია.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 8% - ევროპულ საქართველოს, 5% - ლეიბორისტულ პარტიას, 4% - პატრიოტთა ალიანსს, 3-3% - ახალ საქართველოს და ერთიან საქართველოს, ხოლო 2% - გირჩს. გამოკითხულთა 14% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას მისცემს ხმას, ასევე 14% პასუხზე უარს ამბობს, ხოლო 12%-მა არ იცის.

 

კომენტარები