ჭიაბერაშვილი: C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნა საზოგადოების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულია

ზურაბ ჭიაბერაშვილი

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აუდიტის ანგარიშში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ 560 მილიონი ლარის C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, გამოეხმაურა:

"ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული. ამ დროს ვიგებთ, რომ კომპანია Gilead-ის და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ნაჩუქარ 560 მლნ ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ეს რომელიღაც მორიგი საბიუჯეტო პროგრამის უბრალო ჩავარდნა კი არ არის, არამედ საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია".

ზურაბ ჭიაბერაშვილი C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის ორ ძირითად მიზეზს ასახელებს. პირველი ფინანსური ბარიერია. 

"თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 6.4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილი 11 მლნ-დან პირველ 9 თვეში მხოლოდ 4.3 მლნ ჰქონდა ათვისებული, ნათელი გახდება, რომ სახელმწიფოს შეეძლო, ეს ფინანსური ბარიერი თავიდანვე მთლიანად მოეხსნა და პირველივე დღიდან მეტ ინფიცირებულს დაეწყო მკურნალობა. ახლა გამოდის, რომ ბიუჯეტში 5 ან 10 მლნ ლარის დაზოგვით თუ არდახარჯვით 500 მლნ ლარის წამალი უნდა გადაიყაროს," - თქვა ჭიაბერაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მკურნალობის დაწყებამდე ინფიცირებულ პაციენტს სრული დიაგნოსტიკური კვლევისათვის საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხის გაღება უწევდა, რაც პაციენტთა ნაწილისათვის ბარიერს ქმნიდა პროგრამაში ჩართვისთვის, ეს ბარიერი კი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში მოიხსნა, პროგრამის დაწყებიდან 4 წლის თავზე.

C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მეორე მიზეზად დეპუტატი სამინისტროს გაუმართავ მენეჯმენტს ასახელებს.

ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ 2015 წლიდან ოჯახის ექიმს, ექიმ-სპეციალისტს, დიგნოსტიკურ ლაბორატორიებს ყოველწლიურად ასიათასობით მოქალაქე აკითხავდა - "მხოლოდ მენეჯმენტის აწყობა უნდოდა, რომ პოლიკლინიკასა თუ საავადმყოფოში მისულ ამბულატორიული პაციენტისთვის ჯანდაცვის სისტემას ავტომატურად, სავალდებულოდ და უფასოდ ჩაეტარებინა C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება.

ევროპული საქართველოს წევრმა აღნიშნა, რომ ამისათვის საბიუჯეტო თანხების პრობლემა, როგორც რიცხვებიდან ჩანს, არ იყო.

ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ თუ 4 წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40%-მა გაიარა, შეუძლებლად ჩანს 2020 წლის ბოლომდე დარჩენილი 70-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა.

"ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამაში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს," - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 31 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემულ 560 645 038 ლარი C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, ამის ძირითად მიზეზად კი პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების შემცირებული მიმართვიანობა სახელდება. იხილეთ ანგარიში ვრცლად.

საქართველო C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთერთი პირველია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, ეს ვირუსი მოსახლეობის 7.7%-ს აქვს. სწორედ ეს საგანგაშო ვითარება გახდა მიზეზი, რის გამოც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა გამოთქვა თანხმობა, რომ საქართველოსთვის სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები.

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია Gilead-ის მხარდაჭერით.

კომენტარები