ირანი

ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ უკრაინული თვითმფრინავი მათმა რაკეტამ ჩამოაგდო

Fox

ირანი უარყოფს ბრალდებას იმის თაობაზე, რომ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი მათმა რაკეტამ ჩამოაგდო. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიაში მთავრობის სპიკერმა ალი რაბიეიმ გააკეთა განცხადება.

"ყველა ეს ანგარიში არის ფსიქოლოგიური ომი ირანის წინააღმდეგ. ყველა ქვეყანას, ვისი მოქალაქეებიც დაიღუპნენ ავიაკატასტროფისას, შეუძლია წარმომადგენლები გამოგზავნოს და ასევე მოვუწოდებთ კომპანია Boeing-ს გამოგზავნოს საკუთარი წარმომადგენელი რათა შავი ყუთის მონაცემების გამოძიებაში ჩაერთონ."

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ირანმა უარი თქვა შავი ყუთი გადასცეს თვითმფრინავის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Boeing-ს.

ირანმა ასევე მოუწოდა კანადას, რომლის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გუშინ თქვა, რომ მათი დაზვერვის ინფორმაციით თვითმფრინავი სწორედ ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო, გაუზიაროს ირანს ეს ინფორმაცია.

"ჩვენ მოვუწოდებთ კანადის პრემიერმინისტრს და სხვა მთვრობებს, ვისაც ინფორმაცია აქვთ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რომ ის გადასცენ ირანში არსებულ საგამოძიებო კომიტეტს." თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აბას მოუსავიმ.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნას 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს, თქმით, სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციები აჩვენებს, რომ თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. 

ამერიკული მედია ასევე წერს, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან იმაში, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა არ ყოფილა და ის ირანის ძალებმა შეცდომით ჩამოაგდეს. 

უკრაინა ავიაკატასტროფის რამდენიმე შესაძლო მიზეზს განიხილავს, მათ შორის, სარაკეტო თავდასხმას, შეჯახებას, ძრავის აფეთქებას ან ტერორიზმს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო:

"უკვე არსებობს მტკიცებულებები, რომ თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. შესაძლოა, ეს განზრახ არ გაუკეთებიათ. ბრიტანეთი ყველა მხარეს მოუწოდებს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვისაკენ." თქვა მან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ავიაკატასტროფას გამოეხმაურა და თქვა, რომ "შესაძლოა, ვიღაცამ მეორე მხარეს შეცდომა დაუშვა". 

"მე მაქვს ჩემი ეჭვები, არ მსურს ამაზე საუბარი, სხვა ადამიანებს თავიანთი ეჭვები აქვთ. შესაძლოა, ვიღაცამ მეორე მხარეს შეცდომა დაუშვა. არა ჩვენმა სისტემამ. ამბობენ, რომ მექანიკური, არ ვიცი. საშინელი რამ მოხდა",-თქვა დონალდ ტრამპმა. 

ამერიკული გამოცემა, New York Times-მა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო შეამოწმა. მათი ინფორმაციით, ვიდეო ადასტურებს, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს თეირანში აფრენისთანავე ეჯახება ობიექტი და ფეთქდება.

კომენტარები