ანაკლიის პორტი

ხაზარაძე: ხალხი ისე გაუწყვეტს კონტრაქტს ივანიშვილს, როგორც მან დღეს გაუწყვიტა ჩვენს მომავალს

პრაიმტაიმი

"ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა კრემლის დავალება და ქართველი ხალხი მას ამას არ აპატიებს," - მამუკა ხაზარაძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ გადაწყვტილებით ივანიშვილმა გააჩერა ქვეყნისთვის და მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი. პროექტი, რომელიც ქვეყნის პერსპექტივას, სამუშაო ადგილებს, ბიუჯეტს და უსაფრთხოებას განსაზღვრავდა.

"ქართველი ხალხი ისევე გაუწყვეტს კონტრაქტს ბიძინა ივანიშვილს და მის ოცნებას, რომელიც მხოლოდ დესტრუქციით და შავი ოცნებით აისახება ქართველი ხალხის მეხსიერებაში, როგორც მან დღეს გაუწყვიტა კონტრაქტი ჩვენს მომავალს," - ამბობს ხაზარაძე.

ხარაძის თქმითვე, ისინი დავას საერთაშორისო სასამართლოში გააგრძელებენ და ყველა იმ პოლიტიკოსს და თანამდებობის პირს გამოააშკარავებენ, ვინც მიზანმიმართულად, ფარულად და დაუფარავად ებრძოდა ანაკლიის პროექტს. ხაზარაძე ამ პირებს შორის ასახელებს, ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილს. 

"არსებობს უზარმაზარი ტომები ჩვენი ე.წ მთავრობის წევრების ქმედებებისა, რომლებიც ახორციელებდნენ მიზანმიმართულ, ორკესტრირებულ შეტევას ანაკლიის პროექტზე. აუცილებლად დავასახელებთ ყველას," - ამბობს ხაზარაძე. 

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე "ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის" პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მოგვიანებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვადა მიმდინარე წელს 31 დეკემბრამდე გადაუწიეს. ანაკლიის კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

კომენტარები