ირანი

ირანელი გამომძიებლები: უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავს ჩამოვარდნამდე ცეცხლი გაუჩნდა

Reuters

ირანელი გამომძიებლების თქმით გამოძიების პირველადი შედეგებით უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავს ჩამოვარდნამდე ცეცხლი გაუჩნდა. ანგარიში, რომელიც ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ მოამზადა, თვითმხილველთა ჩვენებებს ეყრდნობა. მასში ნათქვამია, რომ თვითმფრინავს, რომელმაც ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა, აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ჩამოვარდნამდე უახლოესი აეროპორტისაკენ გაემართა. ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული რა ტიპის ტექნიკურ პრობლემაზეა საუბარი.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებში (UIA - Ukraine International Airlines) განაცხადეს, რომ თვითმფრინავი Boeing 737-800, რომელმაც ირანში ავიაკატასტროფა განიცადა, მათი ერთერთი საუკეთესო თვითმფრინავი იყო და მისი პილოტები ძალიან გამოცდილები იყვნენ.

ავიახაზების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ თეირანის იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენამდე რაიმე პრობლემის ნიშანი არ ყოფილა.

თვითმფრინავი თეირანში 8 იანვარს ირანის დროით 04:30 საათზე ჩამოვარდა და შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. თვითმფრინავზე მყოფთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ის 176-დან 180-მდე მერყეობს.

თეირანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა ალი აბედზადეჰმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ ირანი უკრაინული თვითმფრინავის შავ ყუთს თვითმფრინავის მწარმოებელ Boeing-ს არ გადასცემს. Boeing ამერიკული კომპანიაა.

კომენტარები