ირანი

ირანი უკრაინის ავიახაზების კატასტროფის შემდეგ ნაპოვნ შავ ყუთს Boeing-ს არ გადასცემს

REUTERS

თეირანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა ალი აბედზადეჰმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ ირანი უკრაინული თვითმფრინავის შავ ყუთს თვითმფრინავის მწარმოებელ Boeing-ს არ გადასცემს. Boeing ამერიკული კომპანიაა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ინფორმაციის ანალიზისთვის ირანი რომელ ქვეყანას გაუგზავნის შავ ყუთს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი 8 იანვრის დილას ირანის დროით 04:30 საათზე, უკრაინის დროით კი 6:00 საათზე ჩამოვარდა. 

დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია - მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი 176-დან 180-მდე მერყეობს. 

უკრაინულმა გამოცემამ OBOZREVATEL წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11-დან 15-მდე უკრაინის მოქალაქე და 71 ირანის მოქალაქე გარდაიცვალა. მათივე ცნობით, მათ გარდა, ბორტზე კანადის - 73, გერმანიის - 4, დიდი ბრიტანეთის - 3, შვედეთის - 8 და ავღანეთის 6 მოქალაქე დაიღუპა.

მიმდინარეობს გამოძიება, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები