ირანი

ირანში ყასემ სოლეიმანის დაკრძალვაზე ჭყლეტაში სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა

DW

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიხედვით ყასემ სოლეიმანის მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტაში 35-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ქერმანში შეკრებილ მოსახლეობას ირანის რევოლუციური გვარდიის ლიდერმა ჰოსეინ სალამიმ მიმართა და დაიმუქრა, რომ ნებისმიერ ადგილს, რომელსაც აშშ მხარს უჭერს, გადაწვავენ.

"მოწამე ყასემ სოლეიმანი მკვდარი უფრო ძლიერია. მტერმა ის უსამართლოდ მოკლა. ჩვენი ნება ურყევია. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მტრებს, რომ შურს ვიძიებთ და თუ ისინი თავს დაგვესხმებიან, ყველაფერს გადავწვავთ, რაც მათთვის ძვირფასია. აშშ-ის რეგიონიდან განდევნა უკვე დაწყებულია." თქვა მან.

სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ისმოდა შეძახილები "სიკვდილი ამერიკას" და "სიკვდილი ისრაელს".

სოლეიმანის და აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას მოკლულ სხვა პირებს დღეს დაკრძალავენ.

გუშინ თეირანის ქუჩებში, სადაც სოლეიმანის კუბო ჩამოატარეს, ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა.

სოლეიმანის ქალიშვილმა ზეინაბმა თქვა, რომ მისი მკვლელობა აშშ-ს "ყველაზე ბნელ" დღეებს მოუტანს.

"შეშლილო ტრამპ, არ იფიქრო, რომ მამაჩემის მოწამეობით ყველაფერი დასრულდა. ახლო აღმოსავლეთში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების ოჯახები თავიანთ დღეებს საკუთარი შვილების სიკვდილის მოლოდინში გაატარებენ." თქვა მან ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

დაკრძალვას ესწრებოდნენ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და პრეზიდენტი ჰასან როუჰანი. ასევე დაჯგუფება ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია.

ირანელ გენერალთან ერთად პროცესიაზე ჩამოატარეს ერაყის შეიარაღებული დაჯგუფების ქათა'იბ ჰეზბოლას ლიდერის, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის კუბოც, რომელიც იმავე საჰაერო თავდასხმისას მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ბაღდადში აშშ-ის სარეკეტო თავდასხმისას ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკვდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის ყველა სამხედრო აქტივობის უკან სწორედ სოლეიმანი იდგა. ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი სოლემანის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა.

მუქარის პასუხად ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს სამიზნეში აქვს ამოღებული 52 ირანული ობიექტი, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც. ამ განცხადებაზე კრიტიკას კი ამგვარად უპასუხა:

"მათ შეუძლიათ დახოცონ ჩვენი ხალხი. მათ შეუძლიათ აწამონ და დაასახიჩრონ ჩვენი ხალხი. მათ შეუძლიათ გამოიყენონ გზისპირა ნაღმები რათა ააფეთქონ ჩვენი ხალხი. და ჩვენ უფლება არ გვაქვს შევეხოთ მათ კულტურულ ძეგლებს? ეს ასე არ მუშაობს." თქვა მან.

კომენტარები