გიორგი მამალაძის საქმე

ლომჯარია: ვწუხვარ პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, მამალაძის განაჩენი არ იყო დასაბუთებული

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი წუხილს გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო. ნინო ლომჯარიას შეფასებით, შეწყალებაზე უარის თქმის შედეგად, გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში გამოკვეთილი სამართლებრივი ხარვეზები შესაბამისი შეფასების გარეშე დარჩა. ომბუდსმენი იხსენებს გამოძიების ეტაპზე დაშვებულ ისეთ საპროცესო ხარვეზებს, რომლებიც სასამართლო განხილვის დროს არ გამოსწორდა და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა პროცესის საბოლოო შედეგზე.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლომ გიორგი მამალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოცემული საქმის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე პარლამენტის წევრები, პრემიერმინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მიანიშნებდნენ, რომ გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე კიდევ ერთხელ გააკეთა მინიშნება, რა ვერსიაც გამოძებისა და სასამართლოს მიმდინარეობის დროს არ განხილულა.

როგორც გამოძიების, ისე - დახურული სასამართლო პროცესის სრულყოფილი შესწალის შედეგად სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა მონიტორინგის ანგარიში, სადაც მითითებულია გამოძიების ეტაპზე დაშვებული ისეთ საპროცესო ხარვეზებზე, რომლებიც სასამართლო განხილვის დროს არ გამოსწორდა და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა პროცესის საბოლოო შედეგზე, კერძოდ:

  • სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევამ ხელი შეუწყო ბრალდებულის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობის გაჩენას განაჩენის გამოტანამდე;
  • ადვოკატებისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება და პროცესის სრულად დახურვა არ ემსახურებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს და არათანაბარ პირობებში აყენებდა დაცვის მხარეს;
  • მხარეთა თანასწორობის დარღვევა კიდევ უფრო საგრძნობი ხდებოდა ბრალდების მხარის მიერ მისთვის სასარგებლო მტკიცებულებების განგრძობადი გასაჯაროების ფონზე;
  • საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად არ მისცეს საქმის მთავარი ნეიტრალური მტკიცებულების - აეროპორტის ვიდეოჩანაწერების მოპოვების საშუალება;
  • პროკურატურის მოქმედებების შედეგად, დაცვის მხარისთვის შეუძლებელი გახდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ექსპერტიზის ჩატარება;

ამ და სხვა საგულისხმო ხარვეზების შედეგად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ იყო საკმარისად დასაბუთებული, მტკიცების ტვირთი ბრალდებულზე იქნა გადატანილი და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გადაწყდა.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი წლების განმავლობაში, მათ შორის, შეწყალების კომისიის წევრობის დროს, მხარს უჭერდა გიორგი მამალაძის შეწყალებას. შეწყალების კომისიის გაუქმების შემდგომ სახალხო დამცველი პრეზიდენტს მოუწოდებდა, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი განხილულიყო შესაბამისი პროცედურების დამტკიცებისთანავე.

სახალხო დამცველი წუხილს გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, რომლის შედეგადაც გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში გამოკვეთილი სამართლებრივი ხარვეზები შესაბამისი შეფასების გარეშე დარჩა" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

პრეზიდენტმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა, თუმცა, მათ შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე არ არის. სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ მამალაძეზე".

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა. მსჯავრდებული დეკანოზის ძმის თქმით, ილია მეორემ პირად საუბრებში ზურაბიშვილს დეკანოზის შეწყალებაზე უარი უთხრა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კომენტარები