პრეზიდენტის შეწყალება

პრეზიდენტი: ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან

[გიორგი მამალაძის არშეწყალების] შემდეგი არგუმენტი ქართული სახელმწიფოს ისტორიულ სპეციფიკას ეფუძნება. ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან, რომელიც მუდამ იყო მისი დამოუკიდებლობის გზის გამჭრელი. ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრიდა და უდრის საქართველოს სახელმწიფობრიობის შესუსტებას, ამდენად, მასზე ნებისმიერი სახის შეტევა დაუშვებელია.

ჩემი, როგორც პირადი, როგორც პრეზიდენტის დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, პიროვნებისა, რომელმაც სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის, ეკლესიის აღორძინების და სულიერების აღდგენის უდიდეს საქმეში. ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როცა საქართველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა, მე არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა.

ალბათ იკითხავთ, რატომ არ გავითვალისწინე წმიდა სინოდის თხოვნა. ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან, არსებითად განსხვავდება, სხვა შემთხვევაში კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ დისკრეციულ უფლებას. მსოფლიო მაგალითებიც კარგად გვიჩვენებს ამ განსხვავებას. იოანე პავლე მეორემ მასზე თავდამსმელს სულ რამდენიმე თვეში აპატია დანაშაული, თუმცა, იგი ციხიდან სწორედ პრეზიდენტის შეწყალებით მხოლოდ 19 წლის შემდეგ გაათავისუფლეს

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ დეკანოზს არა პატრიარქის მკვლელობის მცდელობის, არამედ, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის აქვს 9-წლიანი პატიმრობა მისჯილი.

კომენტარები