სირია

იდლიბის პროვინციაში ბომბის სკოლასთან ჩამოგდებამ 5 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

Omar Haj Kadour/AFP

სირიაში, იდლიბის პროვინციაში, ქალაქ სარმინში სარაკეტო დარტყმამ 5 ბავშვის და 4 ზრდასრული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისინი სკოლის ეზოში იმყოფებოდნენ.

რეგიონში სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მუსტაფა ალ რაშიდი მედიასთან ამბობს, რომ საბედნიეროდ, მოსწავლეების უმეტესობა სკოლაში უკვე აღარ იყო.

"მოსწავლეების უმეტესობამ სკოლა დაბომბვამდე 10 წუთით ადრე დატოვა, თუმცა, ზოგიერთი მათგანი მაინც აგრძელებდა თამაშს სკოლის ეზოში", - თქვა მან.

რაკეტა ქუჩას ესროლეს, რომელიც სკოლას და ლტოლვილთა ბანაკს შორის გადის. შესაბამისად, დარტყმამ ორივე მათგანი დააზიანა. სულ დაშვებულია 19 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელია, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა.

ქალაქი სარმინი იდლიბის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ბოლო პერიოდში იქცა იმ დევნილების თავშესაფრად, რომლებიც სირიის დიქტატორის, ბაშარ ალ ასადის ბომბებს გაურბიან.

გაეროს ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირაში საკუთარი სახლი და საცხოვრებელი ადგილი 235 000-მა ადამიანმა დატოვა.

რაკეტა, რომლითაც დარტყმა განხორციელდა, კასეტური ბომბი აღმოჩნდა.

"ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტის" სპიკერი ნაჯი აი მუსტაფა ამბობს, რომ ბომბი რუსულია, სახელწოდებით "ტოჩკა".

"რაკეტა კასეტური ბომბების კონტეინერია, რომელიც მიზნამდე მიღწევამდე აქტიურდება. ბომბი გარემოს 100 კვადრატული მეტრის რადიუსზე ანადგურებს. "ტოჩკა" ადრეც გამოიყენეს ბანაკის და ჰოსპიტალის დასაბომბად ნოემბერში, როცა 22 ადამიანი დაიღუპა", - თქვა მან.

ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დეკემბერში ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი 27 ტერიტორია დაბომბეს, უმეტესად სკოლები, ჰოსპიტალები და სამედიცინო ობიექტები.

საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ იდლიბის პროვინციაზე თავდასხმები 3 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ამან კი შესაძლოა ბოლო დეკადაში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს.

2018 წელს რუსეთმა და თურქეთმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც მიზნად იდლიბის პროვინციის დაცვას ისახავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიებზე კონტროლი ოპოზიციამ მოიპოვა, ცეცხლი განახლდა. ხოლო 2019 წლის აგვისტოში რუსეთში გამოცხადებული ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა არც განხორციელებულა.

კომენტარები