საქართველოს პარლამენტი

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციამ სირცხვილიას რამდენიმე აქტივისტი დააკავა

Zaza Abashidze

მას შემდეგ, რაც პარლამენტის ტერიტორიიდან მერიამ კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა ნაგვის მანქანებით გაიტანა, ადგილზე მოძრაობა "სირცხვილიას” აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ.

აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. სირცხვილიას აქტივისტების ცნობით, დააკავეს ათამდე ადამიანი, მათ შორის, ნოდარ რუხაძე, ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ზურა მჟავანაძე და გიორგი მუმლაძე. აქტივისტებმა არ იციან, სად წაიყვანა პოლიციამ დაკავებულები. ტაბულა ცდილობს, შსს-დან მოიპოვოს ოფიციალური ინფორმაცია.

რამდენიმე საათის წინ, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა - დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანა. მათ ასევე აიღეს პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გაშლილი კარავი. მას ნახევარი საათი მისცეს, რომ ნივთები ტერიტორიიდან გაეტანა. თბილსერვის ჯგუფის ბოლო მანქანაზე ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ავიდა და ცდილობდა, მანქანისთვის დაძვრის საშუალება არ მიეცა. საბოლოოდ, თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლებმა დეპუტატი მანქანიდან ჩამოსვეს და ტერიტორია დატოვეს. ელენე ხოშტარიას შეფასებით, მხდალი ადამიანები ქურდბაცაცულად მოიქცნენ. 

თბილისის მერიის განცხადებით, ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობას აპირებენ. მათი მტკიცებით, ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს.

"ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ავიღეთ ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურა, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს" - აცხადებს თბილისის მერია. 

კომენტარები