ახლო აღმოსავლეთი

"დიდი გამარჯვება" — ნეთანიაჰუ ლიკუდის თავმჯდომარედ აირჩიეს

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ეგზიტპოლის მიხედვით, ისრაელის მოქმედმა პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიჰუმ პარტია ლიკუდის თავმჯდომარის არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, ნეთანიაჰუმ ხმათა 72% მიიღო, ხოლო კონკურენტმა გიდეონ საარმა - 27%. 

შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა გიდეონ საარმა. საარის თქმით, თავის მხარდამჭერებთან და თავმჯდომარის პოსტზე ხელახლა არჩეულ ნეთანიაჰუსთან ერთად, ის ყველაფერს გააკეთებს მომავალ არჩევნებზე ლიკუდის გასამარჯვებლად.

ცუდი ამინდის გამო, აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო და 49% შეადგინა, 106 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დაიხურა. 

"დიდი გამარჯვება! მადლობა მეგობრებს და ლიკუდის წევრებს მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და სიყვარულისთვის. ღმერთის და თქვენი დახმარებით ლიკუდს მომავალ არჩევნებზე დიდ გამარჯვებამდე მივიყვან. ჩემი ხელმძღვანელობით ისრაელი გააგრძელებს სვლას უპრეცედენტო მიღწევებისკენ", — ამ შინაარსის პოსტი ნეთანიაჰუმ გამარჯვების შემდეგ ტვიტერზე გამოაქვეყნა. 

ისრაელში გამართული წინა ვადამდელ არჩევნებზე ოპოზიციურმა ბლოკმა კახოლ-ლავანმა 33 მანდატი მიიღო, ხოლო ლიკუდმა 31. უპირატესობის მიუხედავად, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პირველი მანდატი პრეზიდენტმა რივლინმა სწორედ ნეთანიაჰუს მისცა, რადგანაც დეპუტატების უმეტესობამ მოქმედ პრემიერს დაუჭირა მხარი. 

შედარებითი უპირატესობის მიუხედავად, ნეთანიაჰუმ კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო და ოქტომბერში მანდატი პრეზიდენტს დაუბრუნა. ამის შემდეგ, მანდატი უკვე ოპოზიციის ლიდერს ბენი განცს ერგო, თუმცა კოალიციის ჩამოყალიბება ვერც განცმა შეძლო. ამის შემდეგ ქნესეთმა თვითდაშლა გამოაცხადა და უკვე მესამე ვადამდელი არჩევნები დანიშნა. 

გენერალური არჩევნები ისრაელში 2020 წლის 2 მარტს გაიმართება.

კომენტარები