"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩარევა შემდეგ წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე დარტყმა იქნება მმართველი პარტიის, ქართული ოცნებისთვის", - საქართველოს შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას Reuters ეხმაურება. ანალოგიურ სტატიის ძირითად ნაწილს აქვეყნებს The New York Times-იც.
სტატიაში სათაურით "აშშ დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს, გაამყაროს დემოკრატია და კანონის უზენაესობა", სახელმწიფო დეპარტამენტის 24 დეკემბრის განცხადების ის ნაწილია მოყვანილი, სადაც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფლებაზეა საუბარი, კერძოდ:
"სახელმწიფო დეპარტამენტი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს, გაამყაროს ერთგულება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი, და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან".
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩარევა შემდეგ წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე დარტყმა იქნება მმართველი პარტიის, ქართული ოცნებისთვის, რომლის ლიდერი ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილია. ოპონენტები მას ქვეყნის კულისებიდან მართვაში ადანაშაულებენ, მთავრობაში ფორმალური პოზიციის გარეშე", - ვკითხულობთ სტატიაში.
ტექსტში აღნიშნულია, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებისთვის აქებდნენ, მაგრამ "უფლებადამცველები ამჟამინდელ მთავრობას აკრიტიკებენ მართლმსაჯულების რეფორმაში პროგრესის ნაკლებობისთვის, ასევე დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლისთვის".
სტატიაში, ოპოზიციის კრიტიკასთან ერთად, ქართული ოცნების წევრის ირაკლი კობახიძის ფრაზაა მოყვანილი, რომელიც სახელწმიფო დეპარტამენტის გზავნილს აღწერს, როგორც "მხარდაჭერის განაცხადს აშშ-ს მხრიდან" და ამბობს, რომ "განცხადება არ საუბრობს პროკურატურის ან სასამართლოს პოლიტიკური მიკერძოების შესახებ".
სტატიაში აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა პარლამენტის მიერ და ამის კრიტიკა აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის მისიის მხრიდან. ასევე წერია, რომ მასობრივი პროტესტი არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდებას მოყვა. აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც Facebook-მა მასთან დაკავშირებული ათობით ანგარიში და ასობით გვერდი წაშალა.





