სამთავრობო პროპაგანდა

აუდიტის სამსახური ყალბ გვერდებთან დაკავშირებულ Facebook-ის განცხადებას სწავლობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ტაბულას უდასტურებს, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში უწყებამ Facebook-ის მიერ გავრცელებული სამთავრობო პროპაგანდის გამავრცელებელ ყალბ გვერდებთან დაკავშირებული განცხადების შესწავლა დაიწყო.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამჟამად ეცნობა ფეისბუქის განცხადებას. სამსახურის იურისტები განიხილავენ, რამდენად იკვეთება აუდიტის სამსახურის კომპეტენცია და მანდატი განცხადების შინაარსში," - განმარტავენ აუდიტის სამსახურში.

Facebook-მა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული გვერდების წაშლის შესახებ განცხადება 20 დეკემბერს გაავრცელა. Facebook-ის გამოძიების შედეგად ჯამში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გაუქმდა, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ პარტია "ქართულ ოცნებასთან" და სარეკლამო სააგენტო "პანდასთან".

Facebook-ის პარალელურად ამ ანგარიშებს ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიაც (DFRLab) ამოწმებდა. ორგანიზაცია ადასტურებს Facebook-ის შეფასებას, რომ ეს გვერდები მუშაობდნენ საქართველოს შიდა აუდიტორიაზე და საზოგადოებრივი უთანხმოების საგნად ქცეულ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე ისეთ მასალებს ავრცელებდნენ, რაც მხარს უჭერდა ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობაში მისი მოკავშირეების პოზიციებს, თავს ესხმოდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და ცდილობდნენ საქართველოს დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით კი აშშ-ის დისკრედიტაციას.

კომენტარები