სამთავრობო პროპაგანდა

თალაკვაძე: არ გამოვრიცხავ, ანტი-სახელისუფლებო დეზინფორმაციაზე 316 000$-ზე მეტი იხარჯებოდეს

იმედი

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სპეკულაციას და სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ ფეისბუქმა საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ კამპანიაში ამხილა.

თალაკვაძეს არ ჰგონია, რომ ფეისბუქის მიერ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული 400-ზე მეტი გვერდის და პროფილის წაშლა სკანდალია.

"არ მგონია, ეს იყოს სკანდალი. ეს არის ფეისბუქის წესების და რეგულაციების ნაწილი, რომ ფეისბუქი პერმანენტულ რეჟიმში მუშაობს ტროლების წინააღმდეგ, ისეთი სუბიექტების წინააღმდეგ, რომელზეც მითითებული იყო წერილში.

თქვენ ნახეთ, რომ მსგავსი გვერდები გაუქმდა შეერთებულ შტატებში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. ეს არ არის ექსკლუზიური ამბავი საქართველოსთვის. რეაგირება ფეისბუქის მხრიდან მუდმივად ხდება.

დიდწილად იყო სპეკულაციები. ერთ-ერთი ჩვენი ოპონენტი ამბობდა, რომ ფეისბუქმა ამხილა ხელისუფლება ანტიდასავლურ კამპანიაში. ეს არის სიცრუე. არაფერი მსგავსი იქ არ წერია. იქ წერია, რომ სუბიექტები, რომლებიც გააუქმა ფეისბუქმა (კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ღონისძიებები გატარდა აშშ-შიც), ავრცელებდნენ ხელისუფლების მხარდამჭერ ინფორმაციას",- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ იმედის ეთერში.

​მისივე თქმით, ფეისბუქი ღია სივრცეა, რომელშიც მრავლად არის როგორც ხელისუფლების მხარდამჭერი, ისე საწინააღმდეგო ინფორმაციაც და დეზინფორმაციაც.

"ეს ცალმხრივი ამბავი არ არის. არიან ჩვენი მხარდამჭერებიც, არის ორგანიზებული ქსელებიც, რომლებიც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ეწევა დეზინფორმაციას. ეს იცის საქართველოში ფეისბუქის ყველა მომხმარებელმა" - თქვა მან.

თალაკვაძემ ასევე არ გამორიცხა, რომ ის სუბიექტები, რომლებიც ხელისუფლების საწინააღმდეგო დეზინფორმაციას ეწევიან, ამაში ბევრად მეტს ხარჯავენ, ვიდრე სახელისუფლებლო გვერდებმა დახარჯეს - 316 000 აშშ დოლარი. მას არ უარუყვია, რომ აღნიშნული თანხა მმართველი გუნდის მხარდამჭერმა გვერდებმა მართლაც დახარჯეს. 

"მე არ გამოვრიცხავ, რომ ის სუბიექტები, რომლებიც ხელისუფლების საწინააღმდეგო დეზინფორმაციას ეწევიან, ბევრად მეტს ხარჯავდნენ ამაში. იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში რასაც ვხედავთ, არის დეზინფორმაცია", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

თალაკვაძემ, ისევე როგორც მმართველი გუნდის სხვა წევრები ოპოზიციის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობენ მაშინ, როცა 20 დეკემბერს Facebook-მა 400-ზე მეტი ქართული პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლური ფეისბუქ გვერდი წაშალა და თქვა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებას უკავშირდება.

Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება,"- წერია განცხადებაში.

კომენტარები