უზენაესი სასამართლო

რუდი: იმედი მაქვს, უზენაესის მოსამართლეების შემდგომ შერჩევამდე პროცესი დაიხვეწება

რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი ამბობს, რომ აშშ-მ გამოთქვა შენიშვნები და წუხილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შედეგთან დაკავშირებით.

რუსთავი 2-თან ინტერვიუში რუდმა იმედი გამოთქვა, რომ სანამ უზენაეს სასამართლოში დარჩენილი ვაკანტური ადგილები შეივსება, პროცესი დაიხვეწება.

(რუსთავი 2-ის თარგმანი)

"ძალიან მარტივია, გააკრიტიკო ერთი კონკრეტული მიმართულება, მაგრამ თუკი საკითხს უფრო ფართოდ შევხედავთ, შეერთებული შტატებმა განახორციელა 30 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტირება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის განვითარებისათვის საქართველოში.

ამ თანამშრომლობამ მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგი და მიღწევა, მაგალითად საქართველოში გვაქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, არიან უფრო მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი მოსამართლეები, არსებობს საქმეთა მართვის ახალი სისტემა, სასამართლო დარბაზები არის უკეთ აღჭურვილი, მეტად განათლებული მოსამართლეები, იყო ბევრი სხვა გაუმჯობესება სასამართლო სისტემაში ეს კი ნიშნავს, რომ რიგით მოქალაქეებს ახლა აქვთ უფრო პოზიტიური გამოცდილება სასამართლოსთან ურთიერთობაში ვიდრე ეს აქამდე იყო.

ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გაგრძელდეს გაუმჯობესებისთვის მუშაობა. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ გამოვთქვით შენიშვნები და წუხილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შედეგთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ სანამ შემდგომი მოსამართლეების შერჩევა მოხდება, ეს სისტემა და პროცესი დაიხვეწება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ იმ დიდ პროგრესს, რაც სასამართლო სისტემაში იქნა მიღწეული", - განაცხადა რუდმა.

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ორგანომ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილის კრიტიკის ფონზე, მაინც მიიღო. ისინი რიგ დარღვევებზე საუბრობდნენ.

შერჩევის პროცესი ომბუდსმენმაც შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა

კომენტარები