სამთავრობო პროპაგანდა

უილსონი FB გვერდებზე: პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში უსამართლო თამაშის ცუდი ნიშანი

ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონი Facebook-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდის, ჯგუფის აღმოჩენას და მათ გაუქმებას გამოეხმაურა.

"პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში უსამართლო თამაშის კიდევ ერთი ცუდი ნიშანი," - წერს უილსონი თავის Twitter-ის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

Facebook-ის ცნობით, 442 300 ანგარიში მიყვებოდა გაუქმებული გვერდებიდან ერთს ან რამდენიმეს და, დაახლოებით, 52 000 ანგარიში გაწევრიანებული იყო გაუქმებული ჯგუფებიდან ერთში ან რამდენიმეში და, დაახლოებით, 2 100 ადამიანს ჰქონდა გამოწერილი ერთი ან რამდენიმე გაუქმებული Instagram-ანგარიშიდან. 

რაც შეეხება რეკლამას, ორგანიზაციის ცნობით, $316 000-ია დახარჯული Facebook-სა და Instagram-ზე სხვადასხვა სახის რეკლამირებისთვის.

კომენტარები