ვაჟა გაფრინდაშვილი

სუს-ი გაფრინდაშვილზე: კომპეტენციის ფარგლებში გავაგრძელებთ გასათავისუფლებლად მუშაობას

სახელმწიფო უსაფრითოების სამსახური ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საამართლოს მიერ ვაჟა გაფრინდაშვილსითვის 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის მისჯას ეხმაურება. 

"ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას",-წერია სუს-ის განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, ისინი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებენ გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას. 

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა გატაცების შემდეგ ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით.

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები