საარჩევნო სისტემა

"ოცნებას" 2024 წლის არჩევნების ჩატარებაც 50 მაჟორიტარით სურს

ქართულ ოცნებას სურს, რომ არა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, არამედ მომდევნო არჩევნები იმ შერეული მოდელით ჩატარდეს, რაც დღეს მათ ოპოზიციას შესთავაზეს. კერძოდ კი საუბარია ინიციატივაზე, რომ პარლამენტში 100 მანდატი პროპორციული წესით განაწილდეს, 50 კი - მაჟორიტარულით. 

მმართველი ძალის ეს ინიციატივა მიუღებელია ოპოზიციისთვის.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ ყველა საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. 

ასევე იქნება ერთმანდატიანი ოლქები, რადგან როგორც თალაკვაძე ამბობს, ოლქების რაოდენობა ამ მოდელით ისედაც მოითხოვს დაკორექტირებას

"იცით, რომ უმრავლესობის შიგნით იყო ორ სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა, გუნდში მიღწეულია კონსესუსი ამ ცვლილებების არა მხოლოდ 2020 წლის არჩევნებისთვის მიღების, არამედ შემდგომი არჩევნებისთვისაც დემოკრატიული და დაბალანსებული სისტემის დაკანონება," - თქვა თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება "ოცნების" მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივის დაკანონებასაც, თალაკვაძე ამბობს, რომ ეს დროში მოსწრებადია, თუმცა აღნიშნავს, რომ ამისათვის საჭიროა ოპოზიციასთან შეთანხმება.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად და ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, დღეს, 20 დეკემბერს ერთმანეთს უკვე მეოთხედ შეხვდა. სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე გააცნო უმრავლესობამ ოპოზიციას მაჟორიტარების 50-მდე შემცირების შესახებ ინიციატივა, შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კი თალაკვაძემ თქვა, რომ 2020-ის შემდეგი არჩევნების ჩატარებაც ამ მოდელით სურთ.

რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მიიღონ ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის ზეწოლის და საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო. 

პროტესტი კი, თავის მხრივ, მმართველი გუნდის მხრიდან პირობის შეუსრულებლობას მოჰყვა - 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. 

კომენტარები