ბიძინა ივანიშვილი

Wall Street Journal: აშშ-სგან სანქციების საფრთხე ივანიშვილს გონების მოკრებაში დაეხმარება

Tabula

Wall Street Journal-მა სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

სტატიაში, სათაურით "საქართველო უფსკრულის პირას" გამოცემის რედაქცია ტრამპის ადმინისტრაციას, სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ს ხელისუფლებას მოუწოდებს, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან, რათა "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ არჩევნებზე გაცემული პირობა შეასრულოს.

კერძოდ, Wall Street Journal ტრამპის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო დეპარტამენტს ურჩევს, გააკეთონ განცხადება ქართული ოპოზიციისა და კონგრესმენ კინზინგერის მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, რედაქცია აშშ-ს ხელისუფლებას მოუწოდებს, ივანიშვილს სანქციების საფრთხე აგრძნობინოს და სიტყვის შესრულებისკენ ამგვარად უბიძგოს:

"ივანიშვილმა თითქმის $5 მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა ქაოტურ 1990-იანებში, ფასიან ქაღალდებს და უძრავ ქონებას კი დასავლეთში ინახავს. მისი სიმდიდრის წინააღმდეგ მიმართული მიზნობრივი სანქციები, ისევე, როგორც გადაადგილების შეზღუდვა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის საჯარო განცხადებებზე უფრო ეფექტურად მოაკრებინებდა მათ გონებას.

აშშ-ს არ შეუძლია, საქართველოში მოვლენები წარმართოს. მაგრამ შეუძლია, მმართველ პარტიას უბიძგოს, მოიქცეს ისე, როგორც მის მიერ გაცემულ დემოკრატიულ სიტყვას შეესატყვისება და მისცეს ახალი სიცოცხლე ქართულ პოლიტიკურ მოძრაობებს, რომლებსაც მოსკოვს ვაშინგტონი და ბრიუსელი ურჩევნიათ."

სტატიაში აგრეთვე ვკითხულობთ, რომ ქართული ოცნების დეკლარირებული პროდასავლურობის მიუხედავად, მმართველი პარტია საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ აბრუნებს:

"აცნობიერებს რა ქვეყნის მოსახლეობის პროდასავლურ განწყობას, მმართველი პარტია სწორ რაღაცებს ამბობს ვაშინგტონთან კავშირებსა და საქართველოს მისწრაფებებზე, შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს. თუმცა ამავე დროს უწყვეტად აბრუნებს საქართველოს მოსკოვის გავლენის ქვეშ, რომელიც 2008 წელს შეიჭრა ქვეყანაში და გაყინულ კონფლიქტში სამხედრო და სადაზვერვო წარმომადგენლობას ინარჩუნებს."

კომენტარები