მოზარდზე ზეწოლა

სუბარი: ჯვაროსნულ ლაშქრობასავით დაიწყეს, ნუ გადაგაქვთ მწვანე სკოლაზე აქცენტებიო

ტაბულა

პრემიერის მრჩევლის სოზარ სუბარის თქმით, 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის საქმეზე, სკოლის მხრიდანაც ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. მან იმედის ეთერში თქვა, რომ სხვა სკოლებთან დაკავშირებით "პირველი ჯოხი ტყდება დირექტორზე". სუბარისთვის გაუგებარია, რატომ არ ხდება ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც.

"ჯვაროსნულ ლაშქრობასავით დაიწყეს - "ნუ გადაგაქვთ სკოლაზე აქცენტები, სკოლას ნუ ეხებით, სკოლაზე აქცენტის გადატანა დანაშაულია, საერთოდ არ ახსენოთ სკოლა, არ ახსენოთ სკოლის დირექტორი". ყველაფერი უნდა ვახსენოთ, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, რადგან ასე საჯაროდ გამოვიდა ყველაფერი.

როცა ასე იწყებენ პოლიტიზებას და [ამბობენ, რომ] მთელი ხელისუფლება დამნაშავეა და მეორე მხრივ, სკოლა არ უნდა ვახსენოთ თურმე, ესეც არ ვიცი, რა დაინტერესებაა. რომელიმე სხვა სკოლასთან დაკავშირებით პირველი ჯოხი ტყდება სწორედ დირექტორზე და სკოლის ადმინისტრაციაზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება თურმე ხსენება, ეს აბსოლუტურად გაუგებარია" - თქვა სუბარმა, რომელიც ფიქრობს, რომ "სისტემა ყოველთვის ვერ იმუშავებს", ხოლო მოსწავლეთა სუიციდი ხდება აშშ-სა და ფინეთშიც.

---

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

ადვოკატ რეზი აჭარაძის თქმით, დედის გარდა, ჩვენებაში მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერიც ადასტურებს, რომ პოლიციელები ლუკა სირაძეს ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო "ძველი სტილის დაკითხვა" და ლუკა სირაძეს სხვა არასრულწლოვანიც დაუპირისპირეს, რასაც უკვე ადასტურებს პროკურატურაც. 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვის შემდეგ, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენების იძულებით მიღებისთვის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, თუმცა, იმის გამო, რომ დაკავებისას ცუდად გახდა, მარიანა ჩოლოიანი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს, მისი ადვოკატის მტკიცებით კი, პოლიციის თანამშრომლებს სკოლის ადმინისტრაციამ დაახვედრა "უკვე ამოღებული ვიდეოკამერები, ბავშვების ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლებოდა [ყოფილიყო] და ვინ იყო ამ კადრებზე, ასევე დაახვედრა ბავშვებისგან მოპოვებული სქრინოშოტები, ფეისბუქის სქრინშოტები ანუ ბავშვების პირადი მიმოწერა". არჩილ შაბაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს მწვანე სკოლის დირექტორი. კახა დავითურის თქმითვე, კრიმინალური პოლიცია საპატრულო პოლიციამ გამოიძახა.

"ანუ ჰქონდა მიზეზი. გაარკვიეთ ეს მიზეზი", - გვიპასუხა კახა დავითურმა.

დღეს, 19 დეკემბერს მწვანე სკოლაში სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი შევიდა - ის არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.  როგორც ოთარ ჩახუნაშვილმა მწვანე სკოლაში შესვლამდე აღნიშნა, გამოიკვეთა "სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვის, მათ შორის გავრცელების, წესების დარღვევის ნიშნები".

დღესვე, განათლების მინისტრმა თქვა, რომ მანდატურის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები კერძო სკოლებშიც უნდა გადამზადდნენ, ასევე, კერძო სკოლებში უნდა გაძლიერდეს ფსიქოსოციალური სამსახური. იუსტიციის მინისტრის შეფასებით კი, კერძო სკოლებსაც უნდა შეეხოთ "თუნდაც მკაცრი" რეგულაციები.

კომენტარები