15 წლის მოზარდის თვითმკვლელობა

დავითური: კრიმინალური პოლიცია საპატრულო პოლიციამ გამოიძახა, ანუ ჰქონდა მიზეზი, გაარკვიეთ

"მწვანე სკოლის" დირექტორის, კახა დავითურის თქმით, სკოლის შენობაზე წარწერების ნახვის შემდეგ მათ მიერ გამოძახებულმა საპატრულო პოლიციამ კრიმინალური პოლიცია გამოიძახა.

ტაბულამ კახა დავითურს ჰკითხა, ადასტურებდა თუ არა გამომძიებელ ჩოლოიანის ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სკოლამ საპატრულო პოლიციას ბავშვების პირადი მიმოწერები, ამოღებული ვიდეოკამერები და კადრებზე გამოსახული ბავშვების ვინაობები დაახვედრა, რაზეც დავითურმა გვიპასუხა:

"არა. კრიმინალური პოლიცია გამოიძახა საპატრულო პოლიციამ. ანუ ჰქონდა მიზეზი. გაარკვიეთ.", - მოგვწერა მან.

დღეს, მარიანე ჩოლოიანის ადვოკატმა 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე საუბრისას თქვა, რომ "მნიშვნელოვანია გაირკვეს სკოლის წილიც".

"როდესაც [სკოლაში] მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, სკოლის ადმინისტრაციამ დაახვედრა მათ უკვე ამოღებული ვიდეოკამერები, ბავშვების ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლებოდა [ყოფილიყო] და ვინ იყო ამ კადრებზე, ასევე დაახვედრა ბავშვებისგან მოპოვებული სქრინოშოტები, ფეისბუქის სქრინშოტები ანუ ბავშვების პირადი მიმოწერა", - თქვა არჩილ შაბაშვილმა.

---

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ცნობით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

საიას ინფორმაციით, მოზარდს ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო თავად მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. საია-ს ინფორმაციითვე, მოზარდი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის დაკითხვის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. 

დღეს, 18 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ დაადასტურა, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თვითდაზიანებები კიდევ ერთმა, 15 წლის მოზარდმა მიიყენა.

კომენტარები