ლუკა სირაძის საქმე

თოლორაია: გამომძიებელი ჩოლოიანის დაკავება მოზარდის გარდაცვალებამდე იგეგმებოდა

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის დაკავება გუშინ, 17 დეკემბერს, დღის 3 საათზევე იგეგმებოდა და რომ ამ დროს ჩოლოიანი ინსპექტორის საგამოძიებო ორგანოში იმყოფებოდა.

"თოლორაიას თქმით, შესაბამისად, განცხადება, რომ გამომძიებლის დაკავება მხოლოდ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ გადაწყდა, არასწორი ინტერპრეტაციაა.

არავინ არაფერს ელოდებოდა. ერთადერთი, რასაც ველოდებით, იყო მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენ მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ რომელიმე პირის მიმართ ასეთი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული.

მტკიცებულებათა სტანდარტი როგორც კი შეიკრა, გუშინ, დღის სამ საათზე, მარიამ ჩოლოიანი ჩვენს საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდა.

შესაბამისად, ძალიან ცუდი ინტერპრეტაცია ეძლევა ამ საკითხს, რასაც მე უბრალოდ ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ არ არის სწორი.

ოფიციალური დაკავება, კი ბატონო, მოხდა მას შემდეგ, რაც ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა, ეს ადამიანი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, სწორედ იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დღის 3 საათიდან იმყოფებოდა ჩვენს საგამოძიებო ორგანოში", - თქვა სახელმწიფო ინსპექტორმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მტკიცებულებებით მხოლოდ ჩოლოიანის დაკავების საფუძველი არსებობდა, ხოლო თუ გაჩნდება სხვა პირის დაკავების მტკიცებულება, მათაც აუცილებლად დააკავებენ.

"გამოძიება კიდევ გრძელდება, ეს სამსახური შეკრებს მტკიცებულებას, რომელიც ჩვენ მოგვცემს საფუძველს ვთქვათ, რომ კიდევ არის ვიღაც პირი, რომლის მიმართაც დევნა არის დასაწყები, გპირდებით, რომ არც ერთი პირის მიმართ არანაირი ფაქტის შელამაზებას ადგილი არ ექნება" - ამბობს თოლორაია.

სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქცია სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაა. 

ლონდა თოლორაია პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს შეხვდა. ინსპექტორმა კომენტარი სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იმავე დღეს, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თვითმკვლელობა მისმა ერთ-ერთმა თანატოლმაც სცადა. ინფორმაცია ლონდა თოლორაიამ დაადასტურა. თუმცა, დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

15 წლის ლუკა სირაძემ თავისი ყოფილი სასწავლებლის, "მწვანე სკოლის" კედლებზე 'უცენზურო" წარწერები გააკეთა. 

საია-ს ინფორმაციით, მოზარდს გამომძიებელი "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შსს-მ რამდენიმე კომენტარი და განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ბიჭზე რამე სახის ზეწოლა ხდებოდა. უწყება აცხადებდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, იმავე დღეს, 17 დეკემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება ჩოლოიანს სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას - ჩვენების მიცემის იძულებას ედავება.

კომენტარები