ლუკა სირაძის საქმე

სირაძის საქმეში ჩვენების იძულებით მიღებაში ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი გაათავისუფლეს

ლუკა სირაძის საქმეში არასრულწლოვანისგან ჩვენების იძულებით მიღებაში ბრალდებული ყოფილი გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, ჩოლოიანი აკმაყოფილებდა გათავისუფლების ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქცევა, შინაგანაწესის დაურღვევლობა და სხვა. 

"კანონი არ ითვალისწინებს, რომ მოხდეს რაიმე პოზიციის შეჯერება დაზარალებულ მხარესთან. მარინა ჩოლოიანი გათავისუფლდა ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით. მას კანონმდებლობით ეხებოდა პირობით ადრე გათავისუფლება. საბჭომ უარი განუცხადა ჩოლოიანს, რის შედეგადაც დაცვის მხარემ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება, კრიტერიუმებს ნამდვილად აკმაყოფილებდა მარიანა ჩოლოიანი. კანონით გათვალისწინებულია ეს კრიტერიუმები, მაგალითისთვის გეტყვით, სასჯელაღსრულებაში ქცევა, შენიშვნა არ უნდა გქონდეს, საყვედური არ უნდა გქონდეს, არ უნდა არღვევდეს შინაგანაწესს". – თქვა ადვოკატმა.

7 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე ყოფილი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დამნაშავედ ცნო და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიება მას არასრულწლოვანისგან ჩვენების იძულებით მიღებას ედავებოდა. ჩოლოიანისთვის წარდგენილი ბრალი, სსკ-ის 335-ე მუხლის პირველი ნაწილი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების ყოფილი გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი 15 წლის ლუკა სირაძისგან ჩვენების იძულებით მიღების ბრალდებით 2019 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. ოჯახის და საიას შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაადასტურა, რომ მარიანა ჩოლოიანი მოზარდს ექვს საათზე მეტ ხანს, გვიან ღამემდე კითხავდა და "დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში", ძმისთვის "გარკვეული პრობლემების" შექმნით ემუქრებოდა. მას ბრალი ორ ეპიზოდში წარუდგინეს.

15 წლის ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება". ფაქტი, რომ მოზარდი 20 წუთის განმავლობაში მშობლის გარეშე იმყოფებოდა პოლიციაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 19 დეკემბერს დაადასტურა.

ასევე, საქმიდან ცნობილია, რომ გამოკითხვის შემდეგ კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენების იძულებით მიღებისთვის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მტკიცებით, მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მარიანა ჩოლოიანის გარდა, კიდევ მინიმუმ სამი პოლიციელი ახდენდა.

კომენტარები