ჩრდილოეთ კორეა

ჩინეთი: ჩრდილოეთ კორეისთვის გაეროს ზოგი სანქციის მოხსნა ჩიხიდან გამოგვიყვანს

GETTY IMAGES

ჩინეთის მხარემ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის ზოგი სანქციის მოხსნა არსებული ჩიხიდან გამოყვანის გზა იყო. 

"ამ სანქციებს რაც შეეხება, ჩრდილოეთ კორეა ამაზე შეშფოთებულია და მათი შეშფოთება ლეგიტიმურია," - ამბობს გაეროში ჩინეთის ელჩი ჭანგ ძუნი.

როგორც ის აცხადებს, იმისთვის, რომ რაიმეს გაკეთება შესაძლებელი იყოს, ჩრდილოეთ კორეის ეს შეშფოთება უნდა გაექროთ და სანქციების მოხსნის შესახებ ჩინეთისა და რუსეთის ინიციატივის ლოგიკაც ამას ეფუძნებოდა.

მაშინ, როდესაც რუსეთისა და ჩინეთის მხარე დარწმუნდებიან, რომ საკმარისი მხარდაჭერა აქვთ, შემდეგ ნაბიჯებს გადადგამენ და საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭისყრაზე გაიტანენ.

გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 9 წევრის ხმა არის საჭირო და არცერთი ვეტო აშშ-ისგან, საფრანგეთისგან, ბრიტანეთისგან, რუსეთისგან ან ჩინეთისგან. 

"გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეაზე ერთი ხმით უნდა საუბრობდეს. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ერთიანი ქმედება, თუმცა ჯერ სინგაპურში ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დროს აღებული ვალდებულებები უნდა აღსრულდეს," - წერს გაეროში აშშ-ის ელჩი კელი კრაფტი.

აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი ხაზგასმით აცხადებენ, რომ სანქციები არ მოიხსნება მანამ, სანამ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე ხელს არ აიღებს. 

რუსეთსა და ჩინეთს ჩრდილოეთ კორეიდან სანქციების მოხსნა სურთ ქანდაკებების, ზღვის პროდუქტებსა და ტექსტილის ექსპორტზე. ასევე, ჩრდილოეთ კორეელების საზღვარგარეთ მუშაობის აკრძალვის მოხსნა, კორეული რკინიგზისა და გზის კოოპერაციის პროექტის გაეროს სანქციებისგან გათავისუფლება. ამ სანქციების მოხსნით, ჩრდილოეთ კორეის ბიუჯეტში კვლავ ასობით მილიონი აშშ დოლარი შევა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახლა ამის დრო არ იყო, რადგან ქვეყანა პროვოკაციით იმუქრებოდა, ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებზე არ მოდიოდა, მასობრივი განადგურების აკრძალულ იარაღებს კვლავ ავითარებდა და სარაკეტო ცდებს არ წყვეტდა. 

შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისთვის ბოლო ვადად მიმდინარე წლის დასასრული განსაზღვრა. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ აშშ შეცდომას დაუშვებს, თუ ამ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს.

ნოემბრის ბოლოს ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა.

ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებზე არ მოდიოდა და "დროის მოგებით" იყო დაინტერესებული. ჩრდილოეთ კორეის მხარემ თქვა, რომ აშშ-ზე იყო დამოკიდებული, თუ რა საჩუქრის მიღება სურდა საშობაოდ.

ახალი სატელიტური სურათების მიხედვით ჩრდილოეთ კორეა სატელიტებისა და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გასაშვებ ბაზას, რომელიც სინგაპურის სამიტზე დონალდ ტრამპთან შეთანხმების შემდეგ დაშალა, ახალი გამოცდებისათვის ამზადებს.

კომენტარები