ვაჟა გაფრინდაშვილი

მეუფე მელქისედეკი: შეშფოთებული ვარ გაფრინდაშვილზე გავრცელებული უპატივცემულო მოსაზრებებით

ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მელქისედეკ ხაჩიძე, ოკუპანტების მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გაკეთებულ ცილისმწამებლურ კომენტარებს ეხმაურება. როგორც მეუფე წერს, შეშფოთებულია "ადამიანთა განცხადებების გამო, რომლებიც ბატონ ვაჟასა და მისი ოჯახის მიმართ უპატივცემულო და ცინიკურ მოსაზრებებს ავრცელებენ". 

მეუფე მელქისედეკის თქმით, თავისუფალი სიტყვა მონაპოვარია, თუმცა არავის აძლევს უფლებას, "უკანონოდ დაკავებული და სასტიკ ტყვეობაში მყოფი პატიმრის" მიმართ უსამართლო და ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთოს.  

"უფალს ვთხოვ, თითოეულ ასეთ ადამიანს შეუნდოს ასეთი მოქმედება და შეეწიოს. ოკუპაციას არ აქვს რელიგია! ჩვენ, ჩვენი თანამდებობრივი, იერარქიული თუ სხვა კუთვნილებების მიუხედავად საქართველოს შვილები ვართ და ვალდებულებაც გვაკისრია, რომ მისი დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლოთ",-წერს მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე.

მარგვეთისა და უბისის ეპისპოპოსი დატყვევებულ ექიმს თანადგომასა და უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.

"მსურს ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი თანადგომა და უპირობო მხარდაჭერა ჩვენს ტერიტორიაზე უსამართლოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისადმი, რომელიც უკვე ამდენი ხანია სამშობლოს სიყვარულით, მტკიცე გულითა და შიშველი ხელებით ებრძვის ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვას, რომელიც ჯალათების წინაშეც კი უშიშრად აცხადებს: ,,სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთან“,-ვკითხულობთ მის განცხადებაში. 

ქართული ოცნების დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტში ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა. "იდიოტები, პროვოკატორები ხართ, თქვენი დედაც",-წერდა ის.

კუხიანიძემ 16 დეკემბერს სტატუსის ფორმისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა, რაც შეეხება სტატუსის შინაარსს და პროვოკაციის ნაწილს, მან თქვა, რომ კვლავ ხედავს შესაძლო პროვოკაციის ნიშნებს

39 დღეა, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით ჰყავს დაკავებული. 14 დეკემბერს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა ძალაში დატოვა.

ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. 

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების წევრები თბილისის საკრებულოსთან აქციას მართავენ, ისინი ითხოვენ, კუხიანიძემ ბოდიში მოიხადოს და მანდატი დატოვოს.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა. 

ამავე თემაზე, "ვინ არის ქართველი"-წაიკითხეთ აქ.

კომენტარები