ლგბტქ უფლებები

საკონსტიტუციომ გეი კაცებისთვის სექსიდან 10 წლით დონორობის შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვით კაცებს, რომლებსაც სექსუალური კავშირი აქვთ კაცებთან, სისხლის დონორობა ბოლო კავშირიდან 10 წლის განმავლობაში ეზღუდებათ.

​მოსარჩელეების, გოჩა გაბოძისა და ლევან ბერიანიძის აზრით, სისხლის გზით გადამდები დაავადებების მაღალი რისკი შეიძლება იყოს როგორც ჰომოსექსუალ, ისე ჰეტეროსექტუალ პირთა ზოგიერთი სქესობრივი ქცევა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო სისხლის დონაციის უფლებას 10 წლით მხოლოდ ჰომოსექსუალ ადამიანებს უზღუდავს. ყველა სხვა შემთხვევაში, დონაციის უფლება 12 თვით იზღუდება.

დისკრიმინაციის გარდა, მოსარჩელეები მიუთითებდნენ იმაზეც, რომ დონორობის 10 წლით შეზღუდვა გაცილებით მეტია, ვიდრე ობიექტურად არის აუცილებელი დონაციის უსაფრთხოებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციით კი, კაცთან სექსუალური კავშირის მქონე კაცებში სისხლის გზით გადამდები ინფექციების რისკი გაცილებით მაღალია და შესაბამისად, მათთვის დონაციის უფლების უფრო ხანგრძლივად შეზღუდვა გამართლებულია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა 2014 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, ჰომოსექსუალებისთვის დონორობის აკრძალვა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. სასამართლო ამბობს, რომ არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, აივ-ვირუსის გამოვლენა შესაძლებელია, რაც იძლევა საშუალებას, რომ კაცებთან სექსუალური კავშირის მქონე კაცებისთვის დონაცია შეიზღუდოს მხოლოდ იმ ვადაში, როცა ვირუსის აღმოჩენა ვერ ხერხდება (ინკუბაციის პერიოდი).

სასამართლომ მიიჩნია, რომ 10 წელი ამ ვადას ბევრად აღემატება და მინისტრის ბრძანება საჭიროზე ბევრად უფრო ხანგრძლივად ზღუდავს ჰომოსექსუალი კაცების უფლებებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მინისტრის ბრძანების ძალადაკარგულად ცნობა 2020 წლის 31 მარტამდე, 3.5 თვით გადაავადა. სასამართლომ განმარტა, რომ ამის მიზანი რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა. 

ცნობისთვის, 2014 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებები, რომლებიც ჰომოსექსუალებს სისხლის დონორობას უკრძალავდა. სასამართლომ თქვა, რომ მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის უფლების შეზღუდვა არაპროპორციულია და არ არის ლეგიტიმური მიზნის - სისხლისა და მისი კომპონენტების რეციპიენტების უსაფრთხოების შესაბამისი.

სასამართლომ ასევე მიუთითა დონორობის შეზღუდვის ხანგრძლივობაზე და მიუთითა, რომ არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, შესაძლებელია აივ-ვირუსის იდენტიფიცირება ინფიცირების ფაქტიდან გარკვეული დროის (ე.წ. ღია ფანჯრის პერიოდის) შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჰომოსექსუალისათვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში დონორობის აბსოლუტური აკრძალვა მათი უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს.

კომენტარები