ივანიშვილი, ცოტა ხნის წინ, შეეცადა, დაესურათებინა მისთვის სასურველი ქართველი. და როგორი გამოვიდა იგი? იმ ბრძენი კაცის ცნობიერებაში ნამდვილი ქართველი ცეკვავს, მღერის, სადღეგრძელოებს ამბობს, ლექსებსაც წერს (ნუ, "ვეფხისტყაოსანს წერსო“, ეგ ნართაულად, რასაკვირველია, პოეზიის სიმბოლოს ამბავში) და თან ტოლერანტულიცაა (აქაც ვაჟა-ფშაველას შეუსაბამო მოხმობა).

ივანიშვილის ქართველი არ არის რაიმე ახალი ხატი, პირიქით, ის კარგად ნაცნობი და ახალგაზრდებისთვის უკვე თითქოს დავიწყებას მიცემული იმპერიულ - საბჭოური კლიშეა "ქართველობისა" და „მამულიშვილობისა“. ბატონმა ბიძინამ ეს კლიშე უბრალოდ საშური სიზუსტით გაიმეორა, ათიათასობით ადამიანის წინაშე მის გაცოცხლებას შეეცადა.

რუსეთის იმპერიაში, ჯერ კიდევ ორასი წლის წინ, შეიქმნა სასურველი საქართველოსა და ქართველის პორტრეტი: საქართველო, ესაა თვალმინაბული პოეზიისა და უდარდელობის, კაი ჭამა-სმისა და მოლხენის, დამპყრობლისადმი მთლად მადლიერების თუ არა, კეთილგანწყობის მზიანი გუბერნია, ადგილობრივები კარგად გიცეკვებენ, გიმღერებენ, დაგათრობენ და აჰ, რა სჯობს ფერდების გათბობას თბილ, ხავერდოვან გრუზიაში чача хинкали хачипури тамады бакаки цкалши кикинебс ах как красиво.

მომღერალი, პოეტი, სადღეგრძელოების მთქმელი, მოცეკვავე, შემწყნარებელი ადამიანი (ვაჟა რო ჰყავს, ივანიშვილის თქმით, გულში) თავისთავად კარგი და საუკეთესო ვინმე შეიძლება იყოს, - მაგრამ აქ ამაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. უაზრობად მიმაჩნია მტკიცება, მაგალითად, რა შესანიშნავი მომღერლები გვყავს, ან, ბოლო-ბოლო, რა გადასარევი რამეა ქართული სუფრა, მით უფრო თუ თამადაც ივარგებს - დაუზეპირებელი სადღეგრძელოებით. არც შემწყნარებლობის სიკეთეს შევეხები. რა საჭიროა ჭეშმარიტების მუდმივი გამეორება.
ლაპარაკია იმაზე, რომ იმპერიის თვალსაწიერიდან ჩვენ მხოლოდ ასე, გამრთობის მოდუსით აღვიქმებით, ასე ვწერივართ მათ მეხსიერებაში, მათ ტექსტებში, მათ შთაგონებაში, მათ ხედვებში, ჩვენთან დაკავშირებულ მათ გეგმებში - მოსამსახურე გამრთობებად

ოლიგარქმა ივანიშვილმაც სწორედ ასე, დიახ, დამპყრობლისა და კოლაბორანტის თვალსაწიერიდან დაგვინახა და ხელახლა მოინდომა, განესაზღვრა, როგორი უნდა იყოს მისთვის სამართავად მინდობილ ტერიტორიაზე ადამიანის ვინაობა. 

დამპყრობლის პერსპექტივიდან სასურველი ქართველი, - რა თქმა უნდა, მებრძოლი არაა; არაა შეურიგებელი, დაუმორჩილებელი ტიპი, მაგრამ არც განათლებული, მოაზროვნე, მშრომელი, საკუთარი და სხვების კეთილდღეობის მაშენებელი, ვთქვათ, მეცნიერი ან მოსამართლე, მეწარმე ანდა მასწავლებელია.

ივანიშვილის ქართველი ესაა "რუსის“ წინაშე ფიანდაზად დაგებული რომელიმე მონა პარლამენტარი, მის სცენაზე მომღერალი, მოცეკვავე, ლექსების მთქმელი, მისთვის გაშლილ სუფრაზე მოთამადე და სადღეგრძელოებით ხოტბის შემსხმელი, ერთი სიტყვით, მონის ბედს შერიგებული უდარდელი, საყვარელი კლოუნი - აი, მიმინო. 

Грузины нам еще станцуют - სწორედ ამ მოთხოვნას ვინც დააკმაყოფილებს, ისაა ქართველიც და ქართველის კარგი მმართველიც. ივანიშვილი გვაცეკვებს რუსებისთვის? კი, გვაცეკვებს. თვითონაც ცეკვავს? კი, ცეკვავს - ამას უკვე ყველა ხვდება საქართველოშიც და დასავლეთშიც.

აბა, აქ ვინმეს მართლა ევროპა ხო არ ეგონა? ა? დემოკრატია გინდოდათ, არა? ოჰ ოჰ ოჰ, თავისუფალი მედიაც? ვა, სასამართლოც? მოიცა, დაჟე სამართლიანი არჩევნებიც? ვერ მოგართვით! მაჟორიტარები ამიმბოხდნენ! აქა, ძმაო, ჩემი ჭუკლი - პუკლი სამშობლოა, ჩემი რუსეთის ორღობე, მსოფლიოს ხმაურს მოწყვეტილი მიყრუებული ჩემი მზიური ოლიგარქიაა აქანე - მოკუნტრუშე ზებრებით, მომღერალი ლემურებით, ტოლუმბაში პინგვინებით და მოძრავი, მაგრამ უტყვად პოეტური ხეებით. არ გინდათ, არა? - ნახუით, მაშინ, თქვენს ევროპებში. სეზონურ სამუშაოებზე. ნახუით აქედან. აქში! ადრე აციმბირებდნენ, ახლა წინა ვართ, ხო ხედავთ, უკვე პაჩტი ევროპა ვართ - დავაით, ნახუით, ყველანი სეზონურ სამუშაოებზე! ვაბშემც ჩვენგან ისწავლონ ძმაო აწი სასამართლო, აქეთ არ ვისწავლებით მაგას, თეა? - დიახ, ბატონო ბიძინა! - დიახსთ!

აქ, ივანიშვილის ამ ჯურღმულში, ქართველი, მისი ხედვით, დაუშვებელია, იყოს ზნეობრივი, გაბედული, უანგარო, ღირებულებათა ერთგული, მოაზროვნე მოქალაქე. მის სამფლობელოში თავგანწირვა სასაცილო რამეა, ღირსება - კრეტინიზმი, სამშობლოს სიყვარული - ფსიქიკური აშლილობა,  სიტყვის ერთგულება - გოიმების დაბოლება და აზროვნებაში რა ყრია, რო? - აი, ამის შესახებ მეტყველებს ივანიშვილის ყველა ინტერვიუ, მისი ენა, მისი საჯარო ქცევა, მისი 7-მილიარდიანი პოლიტიკური სხეული, რადგან ივანიშვილის სამფლობელოში თავისუფლება, საუკუნეებგამოვლილი ორუელის თქმისა არ იყოს, მონობაა.
ივანიშვილის სამფლობელოში, რასაკვირველია, დიდი და გამორჩეული სიძულვილის ობიექტია ისეთი ქართველი, რომელსაც შეუძლია, იარაღით დაიცვას სამშობლო, იომოს მტრის, ოკუპანტის, იმპერიის წინააღმდეგ, მაგრამ ბატონსა და მის ყმებს შეუდარებლად სძულთ ქართველი, რომელიც მშვიდობიანი, უიარაღო თავდადებით, ადამიანისა და საქმის ერთგულებით ყმად არ უდგება იმპერიის მარიონეტებს, არ ცნობს მავთულხლართების წესრიგს, ზნეობრივად უჯანყდება ოკუპაციას.

ჩვენ ყველამ ზედმიწევნით კარგად ვიცით, რომ სწორედ ასეთი ადამიანია ნამდვილი მორალური გმირი, ულაპარაკოდ ვიცით, რომ აი, ეს არის ქართველი. ამიტომ, სწორედ ეს უიარაღო და შეუპოვარი, მართალი და ზნეობრივი ქართველია ყველაზე დიდი საფრთხე იმპერიისთვისაც და ადგილობრივი მონათმფლობელისთვისაც. რატომ? იმიტომ, რომ ერთი ასეთი ადამიანი, ერთი ასეთი ქართველი, მისი თავდადება და ვაჟკაცობა ბოროტების გამანადგურებელი აბსოლუტური ძალაა; ამ მორალური ძალის წინაშე უსუსურია ნებისმიერი ფული, არმია და იმპერია.

წლების განმავლობაში ივანიშვილი ძალ-ღონეს არ იშურებს საიმისოდ, რომ მოსპოს ან კითხვის ქვეშ დააყენოს ელემენტარული, ადამიანური მორალი, კითხვის ქვეშ მოაქციოს სოციალური შეთანხმება იმაზე, რისი გაკეთება შეიძლება და რისი - არა, რა არის სიკეთე და რა - ბოროტება.  ივანიშვილის მმართველობა ყოველდღიურად გვიჩვენებს, რომ სწორედ უზნეობა არის ნორმა: გადაგდება, დაცინვა, აბუჩად აგდება, ტყუილი, ძალადობა, დიდისა და პატარის, ქალისა და კაცის გინება და შეურაცხყოფა არის ნორმა. რატომ? იმიტომ, რომ ბატონი ყველას უტყვ, უსახურ, უძლურ, დამფრთხალ მასად აღგვიქვამს; იცის, რომ ჩვენთან მას ყველაფერი შეიძლება, გაუვიდეს - 5 მილიონი ყველა სოფელს, უფასო ფული ყველა ოჯახს, მაცივარი ყველა პინგვინს, ჯაკუზი ყველა ლემურს, გაუვიდეს გავრილოვი პარლამენტში, მაკო გომურის დათხრილი თვალი, მაჟორიტარების ამბოხი, ევროპის გაოცება და ამერიკის თავზარდაცემა - ყველაფერი.

ივანიშვილის სამფლობელოში მონობის კანონი განსაზღვრავს ცხოვრებას: ერთი მხრივ ბატონის, უფროსის, უმრავლესობის, ფულის, უხეში ძალის უსიტყვო მორჩილება, ლაქუცი, ფლიდობა და ფარისევლობა, ხოლო მეორე მხრივ დაუცველის, განსხვავებულის, უმცირესობაში მყოფის, მარტოდ დარჩენილი, მართალი კაცის დამცირება, შეურაცხყოფა, მისი გატეხვა და გაბანძება, მისთვის ტროლებისა და ბოტების არმიის შესევა, ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებაზე მონათა ხორხოცი.

რატომ ხდება ეს? ივანიშვილი, თავისი მილიარდებისა და ძალაუფლების მიუხედავად, ვერა და ვერ იქცა ავტორიტეტად, ვერ იქცა ზნეობრივ გმირად, პირიქით, - დღეს იგი პოლიტიკური ამორალურობის განსახიერებაა, რადგან ამ ქვეყანაში თვითონაა უპირველესი და ნამდვილი მონა, თვითონ ადგას ქედზე იმპერიის მონობის უღელი და ჩვენც უნდა ბოლომდე დაგვიმსგავსოს თავის ამ უბედურებაში. ამის გამოა, რომ ივანიშვილის სამფლობელოში, წლებია, ხეებივით იჭრება და იცელება ავტორიტეტები. საჯარო სივრცეში, ალბათ, აღარ დარჩა ადამიანი, რომელზედაც ბავშვი ან ახალგაზრდა იტყვის, რომ აი, ასეთი უნდა გამოვიდეს, აი, იმას უნდა, მიბაძოს, რომ გადამდებია ვისიმე საქციელი. ივანიშვილმა ერშიც და ბერშიც, დამსახურებლულად თუ დაუმსახურებლად, ტალახში ამოსვარა ყველა, რადგან თვითონაც, იმ ცნობილი იგავის ჭიაყელასი არ იყოს, ფიქრობს, რომ ეს აქოთებული ლაფია მისი სამშობლო.

მაგრამ აი, ახლა,  ამ დღეებში ივანიშვილის სამფლობელოში ისეთი რამ ხდება, რაც სულაც არ იყო მოულოდნელი, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა. იმპერიასა და ივანიშვილს შეგუებული ქართველის ტიპაჟს, კოლაბორაციონიზმის ამ ბურჯს, მიზანდასახულად ანადგურებს ერთი ადამიანი - ვაჟა გაფრინდაშვილი. ალბათ, ვაჟა ექიმია დღეს იმპერიისა და ივანიშვილის ჯურღმულისთვის ყველაზე უფრო საძულველი და სახიფათო ვინმე, ყველაზე დაუმარცხებელი ძალის მქონე კაცი, რომელსაც უომრად, მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული გამბედაობით, ჰაქსოს გმირივით, თავისი ფიცის ერთგულ ექიმად ყოფნით შეუძლია, დაიცვას ადამიანის ღირსება, დაიცვას საქართველო, დაგვიცვას ჩვენ ზნეობრივი გაჩანაგებისგან, დაგვიცვას უსახურობისა და ერთმანეთის პატივისცემის დაკარგვისგან. 

აი, ესაა მიზეზი, რის გამოც ბატონ ვაჟასა და მის ოჯახს აგინებენ ივანიშვილის კოლექტიური სხეულის ასოები, მისი ორკები და ტროლები, რადგან ივანიშვილის თავსლაფის მკვიდრნი კარგად ხვდებიან, რომ ვაჟა ექიმთან პირწმინდად წააგეს, მასთან უმოწყალოდ განადგურდნენ, რომ ქართველის სახე ბიძინა ბატონი ვერასოდეს გახდება, რომ ქართველი მონა და კლოუნი არასოდეს იქნება, რომ საქართველო რუსების ორღობე და ივანიშვილის ბოსტანი არ არის, რომ საქართველო, ნამდვილი, ისტორიული, ცოცხალი საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ვაჟა გაფრინდაშვილი, მისი ოჯახი და მისი მილიონობით განრისხებული მხარდამჭერი.

კომენტარები