აშშ - თურქეთი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ერდოღანის კომენტარებს თურქ კოლეგებთან ერთად განვიხილავთ

მარკ ესპერი
Reuters

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებით ის თურქ კოლეგებს უნდა დაელაპარაკოს, რათა გაიგოს, თუ რამდენად სერიოზულია პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როდესაც ინჯირლიქის ავიაბაზის შესაძლო დახურვაზე საუბრობს.

ის ამბობს, რომ ამის შესახებ გაზეთებიდან თავადაც პირველად გაიგო. სწორედ იმის გასაგებად, თუ რეალურად რას გულისხმობს ერდოღანი, ესპერი ამ საკითხზე მის თურქ კოლეგებთან ერთად ისაუბრებს.

ერდოღანის განცხადებაზე, რომ მან შესაძლოა ქიურეჯიქის სარადარო ბაზაც დახუროს, ესპერი ამბობს, რომ ეს საკითხი NATO-მ უნდა განიხილოს.

მარკ ესპერი ხაზგასმით ამბობს, რომ თურქეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და მისი გადასაწყვეტია, უმასპინძლოს თუ არა NATO-ს ან უცხოურ ჯარებს.

“თუმცა, ეს ალიანსის საკითხი გახდება, ალიანსისადმი შენი შენატანი, თუ ისინი სერიოზულად ამბობენ ამას.

ვფიქრობ, პრობლემა აქ ისაა, რაც თურქეთის მიმართულება NATO-სთან და ის გადაწყვეტილებები, რასაც ისინი არაერთ საკითხზე იღებენ”.

ორი დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ სომხების გენოციდის აღიარების და სანქციების მუქარის საპასუხოდ თურქეთმა შესაძლოა ინჯირლიქის ავიაბაზა დახუროს, სადაც ამერიკული ატომური ბომბებია განლაგებული.

ერდოღანმა დაამატა, რომ თურქეთს ქიურეჯიქის სარადარო ბაზის დახურვაც შეუძლია.

თურქეთმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და შემდგომ სენატის მიერ სომეხთა გენოციდის ცნობა დაგმო და პასუხად გამოაცხადა, რომ შესაძლოა მიიღონ საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც ამერიკელი ინდიელების დახოცვას გენოციდად ცნობს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ ეს პასუხია მათ სამხედრო ოპერაციაზე ჩრდილოეთ სირიაში.

თურქეთი უარყოფს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის, ანუ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ეთნიკური ნიშნით სომხების სისტემური მკვლელობა ხდებოდა.

გარდა ამისა, გასულ კვირას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათან კომიტეტმა 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა თურქეთისათვის სირიაში სამხედრო ოპერაციის და რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო სანქციების დაწესების კანონპროექტს.

ახლა კანონპროექტს სახელწოდებით "ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობის და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს აღზევებისათვის ხელის შეშლის 2019 წელის აქტი" კენჭს სენატი უყრის.

თურქეთში კი ამბობენ, რომ ამერიკის სანქციები რუსული S-400-ების შეძენას ხელს არ შეუშლის. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კონგრესის გადაწყვეტილებას ეროვნულ უსაფრთხოებაზე მათი სუვერენული გადაწყვეტილებების უპატივცემულობა უწოდეს.

ძალაში შესვლისათვის კანონპროექტს მხარი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა დაუჭიროს, სადაც თურქეთისათვის სანქციების დაწესების კიდევ ერთ კონპროექტს ოქტომბერში უყარეს კენჭი და 403 ხმით 16-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. საბოლოოდ მას ხელი დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მა თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა. 

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.

მიუხედავად NATO-ს მოკავშირეების წინააღმდეგობია, თურქეთი რუსეთთან S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის ახალ კონტრაქტზე მუშაობს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა, შესაძლოა ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ალტერნატიული რუსული თვითმფრინავები შეიძინოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

კომენტარები