გიგა ბოკერიას საქმე

"არაფერი არ იყო აქ გასასაიდუმლოებელი" - გიგა ბოკერიას გამოკითხვა დასრულდა

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას, გამოკითხვა დასრულდა. დეპუტატმა ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.

"მე ვერაფერი ახალი ვერ გავიგე ამ გამოკითხვის პროცესიდან, ფორმალური ვალდებულებაა, გრიფი ადევს და დეტალებზე არ ისაუბროვო, მაგრამ არაფერი ისეთი იქ არ თქმულა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, რომ გრიფი საიდუმლო შეიძლება, ჰქონდეს. თუ რამე არის სენსიტიური იმ საქმიანობიდან, რასაც უშიშროების საბჭო ეწეოდა ჩემი მდივნობის დრო, იმაზე ივანიშვილის წარმომადგენლებს ჩემგან ინფორმაცია არ ექნებათ იმაზე მეტი, რაც დოკუმენტებშია, ამიტომ, არაფერი არ იყო აქ გასასაიდუმლოებელი, რაზეც შიგნით იყო საუბარი" - ამბობს ბოკერია.

მისი თქმით, ყველა კითხვა არ ახსოვს, თუმცა წლების წინ მიცემული ჩვენებისგან "არსებითად განსხვავება არის ნულოვანი, მაგაშია საქმე". ბოკერია აღნიშნავს, რომ გამოძიების განახლების საჭიროება უნდა ახსნას ხელისუფლებამ.

"რეალურად, მთავარი გარემოება, რაც "შეიცვალა", არის, რომ მაშინ სხვა პოლიტიკურ ოპონენტებზე ჩათვალეს, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო ფოკუსირება. ახლა არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ივანიშვილის, ამ სამარცხვინო ლიდერის და მისი კლოუნების რეჟიმის, ამიტომ, უფრო ფართოდ გაშალეს ფრთები და მე არც პირველი ვარ, არც მეორე, არც მესამე ამ დევნის" - ამბობს ევროპული საქართველოს დეპუტატი.

კითხვაზე, რასთან დაკავშირებით მოუწია პასუხების გაცემა, გიგა ბოკერია პასუხობს - "ფორმალურად არ შემიძლია თქმა, რადგან გრიფი საიდუმლო ადევს, მაგრამ გარწმუნებთ, არაფერს არ კარგავთ ამით".

კითხვაზე, "გამომძიებელმა თქვა, რომ გამოიკვეთა ახალი გარემოება, იცრუა მან"?, დეპუტატი პასუხობს - "მე მგონი, მართლა იცრუა".

ოპოზიციონერი ლიდერი პროკურატურამ 6 წლის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე 15 დეკემბერს დაიბარა. პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიებას აქვს კითხვები ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. 

უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული. 

"საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, - წერდა პროკურატურა 2014 წლის 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნავდა, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის ძველ პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები