გიგა ბოკერიას საქმე

გამოძიება სულავას ჩვენების შეცვლაში ადანაშაულებს, ის ამბობს, რომ აქამდე ჩვენება არ მიუცია

ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ საქმეში ერთერთი საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელის, აკა [ალექსანდრე] სულავას, დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. 

გამომძიებელი ამბობს, რომ სულავამ დაკითხვაზე თავისი წინა ჩვენება შეცვალა, სულავას ადვოკატი კი ამბობს, რომ 13 დეკემბერს პროკურატურაში მისულებს გამოძიების ოქმი წინასწარ შედგენილი დახვდათ, რის გამოც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვეს. 

დაკითხვიდან გამოსულმა გამომძიებელმა მედიას უთხრა, რომ სულავამ ჩვენება შეცვალა. 

"რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს ალექსანდრე სულავამ, ვიდრე მან ისაუბრა პროკურატურაში გამოკითხვის ეტაპზე და თითქმის ყველა კითხვაზე, დღეს სასამართლოში თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან, თითქოს მას არ ახსოვდა ეს,"- ამბობს გამომძიებელი ლევან ზაკალაშვილი.

აკა სულავა ერთერთი იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა, როდესაც საბჭოს გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა.

სულავა ამბობს, რომ 2019 წლის დეკემბერში ის საგამოძიებო უწყებაში პირველად დაიბარეს, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება 2013 წელს დაიწყო. 

სულავას ადვოკატის, თორნიკე უსტარაშვილის, თქმით, 13 დეკემბერს პროკურატურაში მისულმა მან და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღმოაჩინეს, რომ გამომძიებელ ზაკალაშვილს გამოკითხვის ოქმი თავისი ინიციატივით ჰქონდა შედგენილი, სადაც სულავას პასუხებად ეწერა ის პასუხები, რა პასუხებიც მიღებაც გამოძიებას მისგან სურდა. 

"ამაზე აღვშფოთდით და დაუყონებლივ მოვითხოვეთ გამოკითხვის შეწყვეტა. რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ, რომ ჩვენი გამოკითხვა მომხდარიყო მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. საქმეში რა თქმა უნდა ფიგურირებენ იმდროინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირები და დღეს ოპოზიციაში მყოფები და ჩემთვის, რა თქმა უნდა, ეს პროცესი სამართლებრივ განზომილებას აბსოლუტურად გაშორებულია. ეს არის წმინდად პოლიტიკური პროცესი,"- ამბობს უსტარაშვილი. 

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ამ საქმეზე პირველად 2014 წლის აპრილში გამოკითხეს. საქმე ეხება ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებს. 

5 წლის შემდეგ, 2019 წლის 15 დეკემბერს, ოპოზიციის აქციებისა და პიკეტების ფონზე, ბოკერია ამ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. პროკურატურა ამბობდა, რომ "საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა". საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა ბოკერიამ თქვა, რომ მისთვის გამოძიებას ახალი შინაარსის მქონე კითხვები არ დაუსვამს.

კომენტარები