ბიძინა ივანიშვილი

Le Point: ივანიშვილი ამბობდა, რუსეთის კრიტიკის გამო პუტინისთვის მობოდიშება მომიწევსო

ბიძინა ივანიშვილი
RIA Novosti

ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა Le Point ბიძინა ივანიშვილი შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ავტორი, მარკ ნექსონი ოლიგარქის პრორუსულ მიდრეკილებებზე საუბრობს.

ჟურნალისტს მაგალითად მოჰყავს ყირიმის ანექსიის შემდგომ განვითარებული მოვლენები, როცა ივანიშვილს არ უსაუბრია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ:

"რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მომდევნო დღეს ივანიშვილმა თავი შეიკავა სანქციებზე საუბრისგან. და როცა მისი უმრავლესობის ორმა დეპუტატმა ევროსაბჭოში რუსული იმპერიალიზმი გააკრიტიკა, ის გაღიზიანდა - "პუტინისთვის ბოდიშის მოხდა მომიწევს" - ასე თქვა. ბოლოს კი თავის პრემიერმინისტრებს კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა აუკრძალა," - ვკითხულობთ სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, მიუხედავად ივანიშვილის ფიცისა, რომ დასავლეთის ერთგულია, ბევრი ეჭვობს, რომ ის მოსკოვის თამაშს თამაშობს. ეს კი პრობლემაა ქვეყანაში, სადაც NATO-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 70% უჭერს მხარს.

ავტორს ილუსტრაციად ის ფაქტები მოჰყავს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილმა ციხიდან ათობით რუსი ჯაშუში გამოუშვა და არც სახელმწიფო თანამდებობებზე მორიდებია KGB-ს ყოფილი აგენტების დანიშვნას.

"ეკოლოგიური ქურდობა" - ასე უწოდებს სტატიის ავტორი მარკ ნექსონი მილიარდერის ასწლოვანი გიგანტური ხეებით გატაცებას და ყვება, რომ "დამანგრეველმა კაპრიზმა", რომლის შედეგადაც ივანიშვილმა 93 ხე გადარგა, 1 430 ხე გაანადგურა. ავტორი ამბობს, რომ ივანიშვილი პოსტ საბჭოთა ქვეყნაში "მბრძანებელობს" ქართული ოცნების მეშვეობით, რომელიც საკუთარი სახსრებით დააფუძნა.

მისი თქმით, ივანიშვილი ბევრ დაპირებას გასცემს, მაგრამ დაპირებები ორთქლდება. ასე, ივანიშვილის დავალებით, გააქრეს მისმა მაჟორიტარებმა საარჩევნო რეფორმის დაპირებაც.

"ამ ცინიკურმა ჟესტმა კრიზისი გამოიწვია რევოლუციური ელფერით. 20 000 ადამიანის მიერ გადაკეტილი ქუჩები, პარლამენტის წინ გაშლილი კარვები. 'დიდი ხანია, რაც ახალგაზრდობის ასეთი მობილიზაცია არ მომხდარა' - აღნიშნავს ერთერთი დიპლომატი." - წერია სტატიაში.

კომენტარები