თავდასხმა გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე

უგულავას 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს და პასპორტი და ID ბარათი ჩამოართვეს

ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს, გიგი უგულავას, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. უგულავას ასევე ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროკურატურა 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. 

"ალბათ, უცხოელი ძიუდოისტებიც რომ არ გავლახო, პასპორტი ჩამომართვეს" - ასე ეხმაურება უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

საქმე ეხება 11 დეკემბერს მომხდარ ფაქტს, როდესაც უგულავასა და ევროპული საქართველოს კიდევ ერთ წევრს, საკრებულოს დეპუტატ გოკა გაბაშვილს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში, გაფრენის წინ თავს დაესხნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე არა თავდამსხმელების, არამედ უგულავას წინააღმდეგ აღძრა. თავდამსხმელთაგან ერთერთი, ძიუდოისტი საბა (ბადრი) გავაშელაშვილი უგულავას ცემას ედავება. 

აღსანიშნავია, რომ არც უგულავა და არც მისი ადვოკატი, გიორგი გელხაური საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომას არ ესწრებოდნენ.

პროცესის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პოლიტიკოსმა Facebook-ზე დაწერა, რომ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და ეს უნიჭო და ძალადობრივი სპექტაკლი ერთადერთი მიზნით დაიდგა - მისთვის ქვეყნის გარეთ მოგზაურობა შეეზღუდათ. 

"მომიგზავნეს ზონდერი ბადრი (საბა) გავაშელიშვილი, რომელიც შტატიანი შნირი აღმოჩნდა. 16 ნოემბერს აქციის მონაწილეებს არბევდა. ეს სუბიექტი ვალებში იხრჩობა. ლუდომანია, თამაშობს. შესაბამისად, სუს-მა მოიგდო და გახდა მონა-ჯალათი. პასპორტის ჩამორთმევა ნდომებიათ", - დაწერა უგულავამ ფეისბუქზე.

მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს და დაუსწრებლად განიხილეს მისი საკითხი.

კომენტარები