ისრაელი

ისრაელში კიდევ ერთი, განმეორებითი, საყოველთაო არჩევნები დაინიშნა

ბენიამინ ნეთანიაჰუ / ბენი განცი
Reuters

ისრაელში კვლავ განმეორებითი საყოველთაო არჩევნები დაინიშნა. ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამე არჩევნები იქნება. კანონმდებლებმა დადგენილ ვადაში ვერ შეძლეს სამთავრობო კოალიციის შექმნა და პრემიერმინისტრის დანიშვნა.

მოსალოდნელია, რომ არჩევნების დღედ 2 მარტი გამოცხადდება.

პარლამენტის მცდელობამდე ქვეყნის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა სამთავრობო კოალიციის ფორმირების მანდატი ჯერ პრემიერმინისტრ ბენიამინე ნეთანიაჰუს, შემდეგ კი მის მთავარ კონკურენტს, ბენი განცს მისცა. ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო უმრავლესობის კოალიციის შექმნა. ისინი ასევე ვერ შეთანხმდნენ ერთმანეთთან თანამშრომლობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუ და განცი მიმდინარე კვირას საუბრობდნენ მოლაპარაკების შესაძლებლობაზე და ერთობლივი მთავრობის შექმნაზე, მათმა პარტიებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქნესეთი უნდა დაიშალოს და არჩევნები 2 მარტს დაინიშნოს. მას მხარი 50-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარების შემდგომ, რომელშიც უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პარტიამ და პოლიტიკურმა ალიანსმა შეძლო, პრეზიდენტმა მხარი თავდაპირველად ერთობლივი მთავრობის შექმნას დაუჭირა და ნეთანაიჰუ და განცი მოლაპარაკებებზე მიიწვია. მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი იყო ვინ დაიკავებდა პირველი პრემიერმინისტრის პოსტს.

განცი გამორიცხავდა ნეთანიაჰუს პარტიასთან თანამშრომლობას და მიზეზად მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დაწყებულ გამოძიებას ასახელებდა.

ნეთანიაჰუ და განცი გარკვეულ მნიშნველოვან საკითხებზე თანხმდებოდნენ, როგორიცაა აშშ-სთან და ირანთან ურთიერთობა და პალესტინის კონფლიქტის საკითხი, თუმცა განცს მეტად ლიბერალური მთავრობა სურს, რომელშიც არ უნდა შევიდნენ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი რალიგიურ-ნაციონალისტური პარტიები.

განმეორებითი არჩევნები ნეთანიაჰუმ მას შემდეგ დანიშნა, რაც აპრილში სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ შეძლო. ლიკუდმა ქნესეთში 31 ადგილი მოიპოვა, განცის ლურჯი და თეთრის პარტიამ 33.

ამის შემდეგ ნეთანიაჰუს ბლოკმა პარლამენტში 55 ადგილი მიიღო, ხოლო განცისამ არაბული პარტიები მხარდაჭერით 54, თუმცა უმრავლესობისათვის 61 მხარდამჭერი იყო. საჭირო.

უცნობია შეიცვლება თუ არა სიტუაცია კიდევ ერთი განმეორებითი არჩევნების შედეგად. ბოლო გამოკითხვების მიხედვით ხელახალ არჩევნებში განცის ლურჯის და თეთრის პარტია 37 ადგილს მოიპოვებს, ნეთანიაჰუს ლიკური კი 33-ს.

კოალიციის ფორმირების მცდელობების პარალელურად ისრაელის გენერალურმა პროკურორმა პრემიერმინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება.

მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ პარლამენტს იმუნიტეტის მინიჭებას სთხოვს.

აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტია ლიდერის ასარჩევად კენჭისყრად 26 დეკემბერს გამართავს, რაც მისთვის კიდევ ერთი გამოწვევა იქნება. ნეთანიაჰუს კონკურენტი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი იქნება.

კომენტარები