საქართველოს პარლამენტი

პარლამენტთან აქციაზე პოლიცია ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლის

პარლამენტთან, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო მოძრაობა შესასვლელების პიკეტირებას აპირებდა, პოლიცია ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლის. მედიის წარმომადგენლებს არ აქვთ საშუალება თავისუფალი გადაადგილების, მათ მხოლოდ ტროტუარზე ყოფნის უფლებას აძლევენ.

ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტებმა გზა მხოლოდ მას შემდეგ გადაკეტეს, რაც მათი რაოდენობა გაიზარდა.

ამ წუთებში პოლიციას ცოცხალი ჯაჭვი აქვს გაკეთებული.

ოპოზიცია და "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას დილიდან მართავს. აქტივისტები აცხადებენ, რომ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს.

დაგეგმილი პიკეტის გამო, ქართული ოცნების დეპუტატებმა კომიტეტის სხდომამდე ორი საათით ადრე დაიწყეს პარლამენტში მისვლა. გლდანის მაჟორიტარი კობა კობალაძე შენობაში 07:37-ზე შევიდა. სირცხვილის დერეფანში მოუწიათ გავლა დეპუტატებს - ენძელა მაჭავარიანს და გიგა გულორდავას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა 09:30-ზეა ჩანიშნული. პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს უყრის. ასევე, საპროცედურო კომიტეტი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზეც იმსჯელებს. ეს სხდომაც 09:30 საათზე გაიმართება. ორივე საკითხი კომიტეტების შემდეგ, პლენარულ სესიაზე გავა. 

კომენტარები