საქართველოს პარლამენტი

მეგზევეები, სტადიონი, საერთაშორისო წარმატებები - რაზე საუბრობდნენ დღეს პარლამენტში

ტაბულა

იმ პირობებში, როცა საპარლამენტო უმცირესობას ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, დღევანდელ პლენარულ სხდომას მხოლოდ ქართული ოცნების წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები დაესწრნენ.

უმრავლესობის დეპუტატებმა თავიანთ გამოსვლებში ქართული ოცნების მიღწევებზე საუბარს დაუთმეს დრო. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარმა ნინო წილოსანმა მთავრობის ეფექტიანობასა და "იაფ" ბიუროკრატიაზე ისაუბრა.

"მმართველობის ხარისხის საერთაშორისო რეიტინგში ანგარიშვლადებულობის, კანონის უზენაესობის, მთავრობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის კუთხით, საქართველო დგას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გვერდით, რეგულაციის ხარისხის დონით კი ევროკავშირის ქვეყნების დონეზე.

რა გვიჯდება ეს შედეგები და ეს მიღწევები, რომლებიც, ნამდვილად ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამსახურება არის? საქართველო იაფი ბიუროკრატიის რეიტინგში არის მეორე ადგილზე სინგაპურის შემდეგ. ჩვენ ეს შედეგები გვიჯდება მაქსიმალურად იაფი," - განაცხადა წილოსანმა.

ქართული ოცნების მორიგმა დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მიმოიხილა სიმინდისა და მანდარინის წლევანდელი მოსავლები. როგორც მგალობლიშვილმა თქვა, სახელმწიფომ მოსახლეობა აღჭურვა "სათანადო ტეხნიკით":

"მინდა მოგახსენოთ, ჩემის აზრით, მნიშნველოვანი ინფორმაცია წლევანდელი მოსავლიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, სამეგრელოში აბაშის რაიონი გამოირჩევა ყველაზე დიდი სიმინდის მასივებით, რაც შეადგენს 1300 ჰექტარს და წელს სიმინდის მოსავალმა 28 ათას ტონას გადააჭარბა. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არ ყოფილა დაბრკოლება არც დამუშავებისა და არც მოსავლის აღების პროცესში. სახელმწიფომ სრულად უზრუნველყო და აღჭურვა ადგილობრივი მოსახლეობა საჭირო ტეხნიკით.

გარდაუვალია შევეხო მანდარინის მოსავალს.

წლევანდელი მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 55 ათას ტონამდეა, რაც არ არის მასშტაბური, თუმცა თვითონ პროდუქტის ხარისხი არის გამორჩეული, ისევე როგორც სიმინდის."

ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფატი ხალვაშმა კი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მიმოიხილა:

"ამ ეტაპზე დასრულებულია [ბათუმის] საფეხბურთო სტადიონის ფასადის სამუშაოები და სტადიონის გადახურვა. დამონტაჟდა გახმოვანებისა და განათების სისტემები. დასკვნით ეტაპზეა შიდა საკომუნიკაციო ქსელებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი. მალე დაიწყება მინდვრის საფარის დაგების სამუშაოები."

ამის შემდეგ ხალვაშმა იასუბრა გაზრდილ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე აჭარაში და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა "ოპოზიცია ცდილობს, ჩვენ მოქალაქეებსა და უცხოელ პარტნიორებს გაუჩინოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის ილუზია, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რათა იზრუნოს მოსახლეობაზე." ხალვაშს არ უხსენებია, რომ აჭარაში გაზრდილი ინვესტიციების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით 2019 წელს ინვესტიციები 20%-ით შემცირდა.

გუგული მაღრაძემ მიმოიხილა თბილისში მიმდინარე ევრონესტის სესია. მაღრაძის თქმით, "ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეამ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წარმატებები."

შემდეგ მაღრაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს შორის "თანდათანობით მხარდამჭერებს კარგავს, სულ ერთეული ადამიანები არიან, ვიღაც ძველი მეგობრები."

სავარაუდოდ, სწორედ "ვიღაც ძველი მეგობარი აღმოჩნდა" ლიტვის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, რომელმაც თქვა, რომ მათ აქვთ 87 ადამიანისგან შემდგარი სია, რომელიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ მათი აქტივობის გამო დემონსტრაციების დროს.

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ შეგვახსენა, რომ დღეს, 10 დეკემბერს, მეგზევეების დღეა. შემდეგ კი განაცხადა, რომ 2019 წელს გზების მშენებლობის კუთხით "ყველა დროის ყველა რეკორდი" მოიხსნა:

"საქართველოში გზის მშენებლობის ნაწილში ყველა დროის ყველა რეკორდი არის მოხსნილი. არასდროს ამდენი გზა არ გაკეთებულა, არასდროს ამდენი გზატკეცილი არ მოწესრიგებულა, არასდროს ამდენი ხიდი თუ გვირაბი არ აშენებულა, არასდროს ამდენი მიმდინარე პროექტი არ ყოფილა საქართველოში."

დეპუტატების გამოსვლების დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა პარლამენტს ბიუეჯეტი წარუდგინა დასამტკიცებლად. განხილვას დაახლოებით 20 დეპუტატი ესწრებოდა.

კომენტარები