გატაცებული ექიმი

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ტვ პირველი

თავისუფლების მოედანზე რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქცია მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა დააორგანიზა. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს და ექიმის შემთხვევაში ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დროულად აღკვეთოს მისი უკანონო პატიმრობა. 

თითქმის ერთი თვეა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დატყვევებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და "ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს."

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები