ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეა გაეროს: ადამიანის უფლებების განხილვას პროვოკაციად აღვიქვამთ, მკაცრად ვუპასუხებთ

The Straits Times

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ თვეში გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხის შესახებ შეხვედრის ჩატარების გეგმავდა, ჩრდილოეთ კორეის მხარემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გაეროს მიერ ამ საკითხის განხილვას სერიოზულ პროვოკაციად აღიქვამდნენ და მკაცრადაც უპასუხებდნენ.

ამის შესახებ გაეროში ჩრდილოეთ კორეის ელჩმა კიმ სონგმა გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მიწერილ წერილში აღნიშნა.

დეკემბერში გაეროს უშიშროების საბჭოს დროებითი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატებია.

სონგის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ადამიანის უფლებების ნებისმიერი განხილვა "აშშ-ის მტრული პოლიტიკის" მხარდაჭერად იქნებოდა აღქმული, რაც კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების საკითხის გარშემო დაძაბულობის შემცირების ნაცვლად, მას ძირს გამოუთხრიდა

გაროს უშიშროების საბჭოს 15 წევრი სახელმწიფოდან ცხრის თანხმობაა საჭირო იმისთვის, რომ საბჭომ ასეთ საკითხზე შეხვედრა მოითხოვოს. 2014 წლიდან 2017 წლამდე ამ საკითხზე ყოველწლიურ განხილვას ჩინეთი უშლიდა ხელს. ჩრდილოეთ კორეის ადამიანის უფლებების საკითხის განხილვას საკმარისი მხარდაჭერა არც გასულ წელს ჰქონდა. 

ჩრდილოეთ კორეა უარყოფს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების სერიოზული პრობლემაა და არასახარბიელო ჰუმანიტარულ სიტუაციას "საზიანო" სანქციებს აბრალებს და მათ მოხსნას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისთვის ბოლო ვადად მიმდინარე წლის დასასრული განსაზღვრა. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ აშშ შეცდომას დაუშვებს, თუ ამ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს.

ნოემბრის ბოლოს ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა.

ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებზე არ მოდიოდა და "დროის მოგებით" იყო დაინტერესებული. ჩრდილოეთ კორეის მხარემ თქვა, რომ აშშ-ზე იყო დამოკიდებული, თუ რა საჩუქრის მიღება სურდა საშობაოდ.

კომენტარები