ჩრდილოეთ კორეა

სატელიტურ სურათებში ჩანს, რომ ჩრდ. კორეამ ბაზა, რომელიც ტრამპთან შეთანხმებით დაშალა, აღადგინა

CNN

ახალი სატელიტური სურათების მიხედვით ჩრდილოეთ კორეა სატელიტებისა და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გასაშვებ ბაზას, რომელიც სინგაპურის სამიტზე დონალდ ტრამპთან შეთანხმების შემდეგ დაშალა, ახალი გამოცდებისათვის ამზადებს.

სოჰაეს ბაზა, რომელიც ჩინეთის საზღვართან, ტონგჩანგის პროვინციაში მდებარეობს, სატელიტების გასაშვებად და სარაკეტო ცდების ჩასატარებლად გამოიყენებოდა. ბაზის დაშლა გასულ წელს სინგაპურის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ დაიწყო.

თუმცა, ჰანოიში გამართული სამიტის უშედეგოდ დასრულებიდან მალევე გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომელზეც ბაზაზე განახლებული აქტივობა ჩანდა. მაშინ ცნობა სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურმაც დაადასტურა.

ახალ ფოტოებეზე, რომელიც კომერციულმა სატელიტმა გადაიღო, ჩანს, რომ ბაზაზე კონტეინერები მიიტანეს, რაზე დაყრდნობითაც ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სარაკეტო ძრავების გამოცდა განახლდება.

ინფორმაციის გავრცელებამდე ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებზე არ მოდიოდა და "დროის მოგებით" იყო დაინტერესებული. ჩრდილოეთ კორეის მხარემ თქვა, რომ აშშ-ზე იყო დამოკიდებული თუ რა საჩუქრის მიღება სურდა საშობაოდ.

კიმ ჩენ ინმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისთვის ბოლო ვადად მიმდინარე წლის დასასრული განსაზღვრა. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ აშშ შეცდომას დაუშვებს, თუ ამ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს.

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ისგან "მათი ეკონომიკისთვის საზიანო" სანქციების მოხსნასაც ითხოვს.

კომენტარები