NATO-რუსეთი

კრემლი: თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე NATO-ს გეგმები ჩვენს ეჭვებს ამყარებს

interfax

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ NATO-ს გეგმები თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით ადასტურებს მოსკოვის ეჭვებს იმაზე, რომ სამხედრო ალიანსი აღმოსავლეთის მიმართულებით მოქმედებების გაფართოებას და რუსეთის შეკავებას აპირებს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ NATO ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც მიზნად ჩვენი ქვეყნის შეკავებას და აღმოსავლეთით გაფართოებას ისახავს. ეს მხოლოდ შეშფოთებას იწვევს." უთხრა მან ჟურნალისტებს.

პესკოვი ამბობს, რომ NATO-ს ქმედებების მიუხედავად რუსეთი ძვირადღირებულ გამალებული შეიარაღების პროცესში არ ჩაერთვება.

პესკოვმა შუალედური დამიზნების რაკეტების ხელშეკრულებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით ახალ შეთანხმებაში რუსეთისა და აშშ-ის გარდა ევროკავშირის ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმება (INF) 2 აგვისტოს სრულად დატოვა. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც.

აშშ-ში გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს რუსეთის დელეგაციასთან ჟენევაში შეხვედრის შემდეგ მიიღეს. აშშ-ის წარმომადგენლების თქმით შეხვედრა უშედეგო გამოდგა. აშშ-მა უარი თქვა ოფიციალური მოსკოვის შეთავაზებაზე, ინსპექტირება ჩაეტარებინა რუსული რაკეტებისთვის, რომლებიც აშშ-ის თქმით შეთანხმების პირობებს არღვევს.

აშშ-მ და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის.  

"მოკავშირეებმა დაასკვნეს, რომ რუსეთმა განავითარა სარაკეტო სისტემა 9M729, რომელიც არღვევს შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულებას და რისკის ქვეშ აყენებს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას," - ნათქვამია ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ თუ აშშ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვების შემდეგ ახალი რაკეტების შექმნას დაიწყებს, რუსეთიც იმავეს გააკეთებს.

შეთანხმება 1987 წელს დაიდო. მას ხელს აშშ-ის პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი და საბჭოთა კავშირის ლიდერი, მიხეილ გორბაჩოვი აწერენ.

ამჟამად ლონდონში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების თავდაცვის გაძლიერებაა.

კომენტარები