აშშ-ჩინეთი

ჩინეთმა აშშ-ის საზღვაო და საჰაერო სამხედრო ხომალდებს ჰონგ-კონგში გაჩერება აუკრძალა

CNN

ჩინეთი აშშ-ის საზღვაო და საჰაერო სამხედრო ხომალდებს ჰონგ-კონგში გაჩერებას უკრძალავს მას შემდეგ, რაც აშშ-მა ჰონგ-კონგის პრო-დემოკრატიული მოძრაობების მხარდამჭერი კანონი მიიღო. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.

"აშშ-ის მხრიდან უგუნური საქციელის შემდეგ ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა შეაჩეროს აშშ-ის სამხედრო ხომალდების მოთხოვნები ჰონგ-კონგში ვიზიტთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევა." თქვა სამინისტროს სპიკერმა.

გარდა ამისა, ჩინეთი სანქციებს დაუწესებს ამერიკულ ადამიანის უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჰონგ-კონგში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს, რომელიც სენატმა გასულ კვირას მიიღო და მხარს უჭერს ჰონგ-კონგში მიმდინარე აქციებს.

კანონი იძლევა ყოველწლიური შემოწმების საშუალებას, თუ რამდენად შეესაბამება ჰონგ-კონგის ავტონომია აშშ-სთან მის სპეციალურ სტატუსს. ამ სტატუსის ფარგლებში ამჟამად ჰონგ-კონგს აშშ-ის მიერ ჩინეთისათვის დაწესებული სანქციები არ ეხება. კანონის ფარგლებში პროტესტის დროს დაკავებულებს აშშ ვიზის მიღების საშუალებას მისცემს.

კანონით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ.

გარდა ამისა ტრამპმა ხელი მოაწერა მეორე კანონსაც, რომელიც ჰონგ-კონგის პოლიციისათვის ხალხის მასის კონტროლის იარაღის მიყიდვას კრძალავს, მათ შორის ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების.

შეგახსენებთ, რომ აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.

კომენტარები