ნიკა მელიას განაჩენი

ბესელია: მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე პარლამენტმა არ უნდა იჩქაროს

პარლამენტი

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებაზე პარლამენტმა არ უნდა იჩქაროს, რადგან თუ ზედა ინსტანციის სასამართლო საქალაქოს განაჩენს გააუქმებს, შემდეგ სტატუსი, შესაძლოა, ვეღარ აღდგეს. ბესელია ასევე აღნიშნავს, რომ ამდენი წლის განმავლობაში საქმის გაჭიანურება როგორც წესი, არის ფსიქოლოგიური ზეწოლის ბერკეტი. 

"თუ აღმოჩნდება ისე, რომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და შეუწყვეტს დეპუტატს უფლებამოსილებას და შემდეგ ზემდგომმა ინსტანციამ ჩათვალა, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ქვედა ინსტანციის სასამართლომ და გააუქმა, ასეთ შემთხვევაში, პარლამენტის წევრის სტატუსის აღდგენა, შეიძლება ვეღარ მოხდეს. ამიტომ, სამართლისა და სამართლიანობის ლოგიკას უნდა გაჰყვეს პარლამენტი და არ უნდა იჩქაროს, ისე როგორც ეს გააკეთა და იჩქარა, როდესაც წინასწარი პატიმრობის საკითხზე და თანხმობა მისცა დაპატიმრებაზე და მერე სასამართლომ თქვა, რომ ეს ასე არ უნდა იყოს." - ამბობს ბესელია. 

ნიკა მელიასათვის დეპუტატის სტატუსის შეჩერებაზე დასკვნა საპროცედურო და წესების კომიტეტმა უნდა მიიღოს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა დასკვნას დაწერს გურამ მაჭარაშვილის კომიტეტი. ამავე კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი კახიანი ამბობს, რომ პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უფლებამოსილების შეწყვეტის ერთერთ საფუძვლად ითვლება.

"თუ სასამართლომ გამოიტანა პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ასეთ დროს პარლამენტი ვალდებულია მას შეუწყვიტოს უფლებამოსილება," - ამბობს კახიანი. 

იურისტი გიორგი მშვენიერაძე ასევე ამბობს, რომ ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტას არ ნიშნავს და ამაზე გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

გიორგი მშვენიერაძე ასევე განმარტავს, რომ თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა ეხება არა არჩევით, არამედ დანიშვნით თანამდებობებს, პარლამენტის წევრობა კი არჩევითია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება, შესაბამისად, ნიკა მელიას დეპუტატის მანდატს შეუწყვეტენ, რასაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

კომენტარები