პროპორციული არჩევნები

კობახიძე: შეხვედრას ესწრებოდნენ "სირცხვილიას" წარმომადგენლები - ვაშაძე და ბოკერია

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრას ოპოზიციასთან ესწრებოდნენ მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები - გრიგოლ ვაშაძე და გიგა ბოკერია.

"ფორმატზე კონსულტაციები გვქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან. ვფიქრობ, ყველაზე რაციონალური ვარიანტი იქნა შეთავაზებული - ყოფილი თავმჯდომარეების ფორმატი. შემდეგ იყო გარკვეული წინადადებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ოპოზიციისგან, რომ ამ სიას დამატებოდნენ გრიგოლ ვაშაძე და ირმა ინაშვილი, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

უშუალოდ მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები იყვნენ ვაშაძე და ბოკერია. უშუალოდ მათი [შოთა დიღმელაშვილის და ნოდარ რუხაძის] წარმომადგენლები იყვნენ გრიგოლ ვაშაძე და გიგა ბოკერია. მათ დააფიქსირეს ამ მოძრაობის სახელითაც პოზიციები, ჩვენ ასე მივიღეთ, რადგან ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა", - თქვა კობახიძემ.

შეხვედრის დაწყებამდე სამოქალაქო აქტივისტებმა გაავრცელეს განცხადება, გააკრიტიკეს შეხვედრის ფორმატი, რომელიც მათ დასწრებას არ ითვალისწინებდა და მიუთითეს, რომ "ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოაჩინოს".

_______________________________________________________________________________

შეხვედრა, რომელიც სასტუმრო ბილტმორში 30 ნოემბერს, დილის 10 საათზე დაიწყო, თითქმის 6 საათს გაგრძელდა.

შეხვედრა ხელისუფლებამ ოპოზიციას მას შემდეგ შესთავაზა, რაც საპროტესტო აქციების, პიკეტირების ფონზე დასავლეთის ზეწოლა გაიზარდა.

ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება საერთო მოთხოვნის ირგვლივ მას შემდეგ გაერთიანდა, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

მოთხოვნებს შორის პირველი ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლაა.

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას, ნახეთ აქ.

კომენტარები