პროპორციული არჩევნები

კობახიძე: ოპოზიცია დარწმუნდა, რომ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია. სხვა იდეებზე გადაერთო

ტაბულა

კობახიძე: ოპოზიცია დარწმუნდა, რომ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია და სხვა იდეებზე გადაერთო

ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლებამ მოახერხა ოპოზიციის დარწმუნება იმაში, რომ გერმანული საარჩევნო მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას, რის შემდეგაც მაგიდასთან სხვა იდეები გაჩნდა.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს იდეები წინადადებად იქცევა, მმართველი გუნდი მათ განსახილველად მზად არის.

"გვქონდა მსჯელობა გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ეს დისკუსია, ყველამ დაინახა, რომ გერმანული მოდელი არის ცხადად წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ეს იყო აბსოლუტურად ნათელი. შესაბამისად, შემდეგ ოპოზიცია გადაერთო გარკვეულ იდეებზე. ეს არ იყო კონკრეტული წინადადება, ეს იყო ზოგადი იდეები, რომლებიც ერთმანეთშიც არ ჰქონდათ შეთანხმებული.

თუ შეძლებენ ისინი რამე ისეთი წინადადების წარმოდგენას, რომელიც არის თავსებადი კონსტიტუციასთან, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ასეთი რამ. თუ იქნება კონკრეტული წინადადებები, მზად ვართ მის განსახილველად.

[2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩასატარებლად ერთადერთი ვარიანტი იყო გერმანული მოდელი. მაგრამ გერმანული მოდელი გამოირიცხა, ყველამ დაინახა მისი არაკონსტიტუციურობა. აქედან გამომდინარე, ისინი გადაერთნენ ისეთ იდეებზე, რომელიც არ ითვალისწინებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას, როგორც ამას გერმანული მოდელი ითვალისწინებს.

როცა დარწმუნდნენ, რომ გერმანული მოდელი არ არის თავსებადი კონსტიტუციასთან, მაგიდის გარშემო გაჩნდა სხვა იდეები, თუ ეს ყველაფერი წინადადებად იქცევა, მზად ვართ, განვიხილოთ", - თქვა კობახიძემ.

განსხვავებულად საუბრობს ოპოზიცია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ მათ მმართველ გუნდს რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, თუმცა, მათგან პასუხი ვერ მიიღეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ამბობენ რომ ისინი გააგრძელებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას როგორც შეხვედრებზე, ისე პროტესტით მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ და ქართულ ოცნებას არ აიძულებენ, შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.

შეხვედრა, რომელიც სასტუმრო ბილტმორში დილის 10 საათზე დაიწყო, თითქმის 6 საათს გაგრძელდა.
___________________________________________________________________________________

შეხვედრა ხელისუფლებამ ოპოზიციას მას შემდეგ შესთავაზა, რაც საპროტესტო აქციების, პიკეტირების ფონზე დასავლეთის ზეწოლა გაიზარდა.

ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება საერთო მოთხოვნის ირგვლივ მას შემდეგ გაერთიანდა, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

მოთხოვნებს შორის პირველი ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლაა.

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას, ნახეთ აქ.

კომენტარები