პროპორციული არჩევნები

ჰარცელი: დიალოგის გაგრძელებაზე მიღებული შეთანხმება გვიჩვენებს, რომ პროცესი სერიოზულია

ტაბულა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ დღეს ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის გამართული დიალოგი იყო ძალიან სასარგებლო ბოლო კვირების განმავლობაში არსებული პოლარიზაციის და ნდობის ნაპრალის აღმოსაფხვრელად.

ჰარცელმა ეს შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომელაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

"როგორც ვიცით, ევროკავშირის პოზიცია იყო ძალიან ცხადი სერიოზული დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით, რათა შევსებული ყოფილიყო ის ნაპრალი, რომელიც არსებობს ნდობასთან და პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ბოლო 2 კვირაა, ვხედავთ.

დღევანდელი ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან სასარგებლო და პატივისაცემი დისკუსია ორ მხარეს შორის.

რისი მიღწევაც მოვახერხეთ, იყო საფუძვლებზე მუშაობა, რისი იმედიც მე მქონდა - შესაძლებლობების მოძიება, არსის უკეთ გაგება და, იმედია, სამომავლოდ სხვა კარების გახსნაც. ამ დიალოგის წარმართვის შესახებ იქნება სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ დეტალებზე არ ვისაუბრებ. გამოვხატავ კმაყოფილებას, რომ დიალოგი შედგა. ვფიქრობ, დიალოგის გაგრძელების შესახებ მიღებულ შეთანხმება გვიჩვენებს, რომ პროცესი სერიოზულია", - თქვა კარლ ჰარცელმა.

შეხვედრა, რომელიც სასტუმრო ბილტმორში დილის 10 საათზე დაიწყო, თითქმის 6 საათს გაგრძელდა.

შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის წევრებმა თქვეს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და გერმანული მოდელი კვლავ არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით კი, ისინი გააგრძელებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას როგორც შეხვედრებზე, ისე პროტესტით მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ და ქართულ ოცნებას არ აიძულებენ, შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.

___________________________________________________________________________________

შეხვედრა ხელისუფლებამ ოპოზიციას მას შემდეგ შესთავაზა, რაც საპროტესტო აქციების, პიკეტირების ფონზე დასავლეთის ზეწოლა გაიზარდა.

ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება საერთო მოთხოვნის ირგვლივ მას შემდეგ გაერთიანდა, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

მოთხოვნებს შორის პირველი ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლაა.

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას, ნახეთ აქ.

კომენტარები