პროპორციული არჩევნები

რუდი: იმედი მაქვს, დიალოგი იქნება გამოსავლის მოძებნისთვის და არა მისი გამორიცხვისთვის

ტაბულა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი იმედს გამოთქვამს, რომ დიალოგი, რომელიც ახლა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს, შედეგს გამოიღებს და კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა შესაძლებელი იქნება. 

შეხვედრის დაწყებამდე რუდმა თქვა: 

"ამერიკის შეერთებული შტატები იმყოფება აქ ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად და გამოთქვამს დიალოგის დიდ იმედს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩავარდა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ დიალოგი იწყება. როგორც ვიცი, დიალოგის მიზანი გამოსავლის მოძებნაა, ნაცვლად იმისა, რომ გამორიცხოს ეს შესაძლებლობები. ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ აქვს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს ამ დიალოგს, ორგანიზაციის დახმარებით, რომელმაც დააფინანსა ამ ღონისძიების ჩატარება. 

ასევე, მოხარულები ვართ, რომ აქ არიან ვენეციის კომისიის წარომადგენლები, რომლებიც მათ რჩევებს გაუზირებენ. იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები მისცემენ საზოგადოებას იმედს, რომ მათ შეუძლიათ, დემოკრატიულ პირობებში დაეყრდნონ სახელმწიფო ინსტიტუტებს და საბოლოოდ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის საუკეთესო იქნება. 

რაც შეეხება ე.წ გერმანულ მოდელს - ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. კიდევ ერთხელ - მე გამოვთქვამ იმედს, რომ დიალოგი იქნება არა შესაძლებლობების გამორიცხვისთვის, არამედ გამოსავლის მოძებნისთვის",- თქვა ელიზაბეთ რუდმა

სასტუმრო ბილტმორში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელს განიხილავენ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს.

შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც ესწრება.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი ე.წ. გერმანული მოდელის დათმობას არ აპირებენ და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ გაიზიარებს, პროცესები ისევ ისე გაგრძელდება, როგორც ამ დრომდე გრძელდებოდა. 

თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციას ხვდებიან, რათა კიდევ ერთხელ აუხსნიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული ე.წ გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 

შეხვედრა ხელისუფლებამ ოპოზიციას მას შემდეგ შესთავაზა, რაც საპროტესტო აქციების, პიკეტირების ფონზე დასავლეთის ზეწოლა გაიზარდა. 

ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება საერთო მოთხოვნის ირგვლივ მას შემდეგ გაერთიანდა, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 

მოთხოვნებს შორის პირველი ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლაა. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია. 

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას, ნახეთ აქ. 

კომენტარები