პროპორციული არჩევნები

ჰარცელი: ხვალინდელ შეხვედრაზე დღის წესრიგში იქნება გერმანული მოდელი

ტაბულა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი პარლამენტში მივიდა და ევროპასთან ინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე ჰარცელმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხვალ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:

"ევროკავშირში იმედი გვქონდა, რომ დიალოგს ექნებოდა ადგილი, რადგანაც ისეთი დროა, როცა მხარეებმა ნაკლები უნდა ილაპარაკონ ერთმანეთზე და მეტი ერთმანეთთან. ამდენად, ძალიან მიხარია, რომ როგორც ჩანს, საქმე იქითკენ მიდის, რომ ხვალ დიალოგი უნდა შედგეს. მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებელია და მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს."

როგორც კარლ ჰარცელი ამბობს, მიიუხედავად იმისა, რომ დეტალები კვლავაც დასაზუსტებელია, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ხვალინდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება ე.წ გერმანულ მოდელზე:

"როგორც უკვე ცნობილია, დღის წესრიგში იქნება გერმანული მოდელი და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. თუმცა მე იმედი მაქვს, იქნება უფრო ფართო დისკუსია პოლიტიკურ სიტუაციაზე."

ირაკლი კობახიძემ უკვე დაადასტურა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 30 ნოემბერს უნდა გაიმართოს შეხვედრა, სადაც საუბარი იქნება ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე.

შეხვედრას დაესწრება დიპლომატიური კორპუსიც.

კომენტარები