პროპორციული სისტემა

ივანიშვილი პროპორციულზე: ელჩებს შევხვდი არაერთჯერ, კითხვა არ აქვს არავის

ბიძინა ივანიშვილი
GDS

ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ უცხო ქვეყნების ელჩებს "არაერთჯერ" შეხვდა. ამის შესახებ ივანიშვილმა TV იმედის ეთერში ისაუბრა.

"ელჩებს შევხვდი არაერთჯერ, კითხვა არ აქვს არავის, ვერავინ ვერ კითხულობს იმას, რომ ჩვენ დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ და რამე ისეთი გავაკეთეთ" - ამბობს ივანიშვილი.

ქართული ოცნების თავმჯდომარის შეფასებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებით "არაფერი არ მომხდარა, არაფერი კანონი არ დაურღვევია ქართულ ოცნებას, საკუთარი თავი დააზიანა და თუ ამომრჩეველს აქვს მასზე გაღიზიანება, არჩევნებში მიიღებს ამაზე პასუხს, მორჩა თემა".

ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმავე გადაცემაში ბიძინა ივანიშვილმა ელჩების შეშფოთებაზეც ისაუბრა.

"შფოთავენ ელჩები ჩვენი, რომ თქვენი განცხადებებით და თქვენი ქცევით ეს დაპირისპირება, რაც არის, კიდევ უფრო მძაფრდება. ჩვენი ქმედება როგორიც არ უნდა იყოს, როგორც მე ვხედავ და ძალიან ბევრი საზოგადოებაში ამას ამჩნევს, ამათი [ოპოზიციის] ხასიათის შეცვლა მე მგონი არ გამოვა, ანალიზის გაკეთების უნარი არ აქვთ, ტრაგედიაა, რომ ერთი ჭკვიანი კაცი არა ჰყავთ" - თქვა ივანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, შეშფოთება არაერთმა საელჩომ გამოთქვა. ევროკავშირის ელჩის თქმით, "პროპორციულის ჩაგდება დააზიანებს ნდობას პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის". მისი აზრით, "რეალურად, ეს იყო პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი". აშშ-ის საელჩოს განცხადებით, "ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი".

კომენტარები