APPLE

Apple რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა და რუსულ რუკაზე ყირიმს რუსეთის ნაწილად ცნობს

CityAM

კომპანია Apple რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა და რუსეთიდან Apple-ის რუკაზე ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად ცნობს


ფოტო: BBC

2014 წელს რუსეთმა უკრაინის რეგიონის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. საერთაშორისო საზოგადოება ყირიმს უკრაინის განუყოფელ ნაწილად აღიარებს.

რუსეთიდან Apple-ის რუკაზე ყირიმი რუსეთის ნაწილია, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ყირიმი არცერთი ქვეყნის ნაწილი არ არის. 

"Apple-ის მოწყობილობებზე ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთის ტერიტორიაა," - ვკითხულობთ რუსეთის სახელმწიფო დუმის გავრცელებულ განცხადებაში. 

ამ საკითხზე Apple-სა და რუსეთს თვეების განმავლობაში ჰქონდათ მოლაპარაკება. Apple-ის თავდაპირველი შეთავაზებით, კომპანიას შეეძლო ყირიმი არც რუსეთისა და არც უკრაინის ნაწილად აესახა. 

დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარემ ვასილ პისკარიოვმა თქვა, რომ Apple რუსეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდა. 

BBC-ის ჟურნალისტი რუსეთში უილ ვერნონი საკუთარი Twitter-ის გვერდზე წერს, რომ მან თავად გადაამოწმა ინფორმაცია აიფოზე, სადაც რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ტერიტორია ყირმი და სხვა ქალაქები, სევასტოპოლი და სიმფეროპოლი, რუსეთში Apple-ის რუკაზე რუსეთის ნაწილია.

კომპანიას Apple ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი 2014 წლის 18 მარტს მოაწერა. ყირმის ანექსიისთვის რუსეთს სანქციები დღემდე აკისრია. დასავლელი ლიდერები რუსეთს აფრთხილებენ, რომ ყირიმთან დაკავშირებული სანქციები არ მოიხსნება მანამ, სანამ უკრაინის სუვერენიტეტი არ აღდგება. 

კომენტარები